სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამო ზარქუას დაბადებიდან 90 წლის იუბილე აღინიშნა და მისი სახელობის აუდიტორია გაიხსნა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის, ზამო ჯოგოს ძე ზარქუას დაბადებიდან 90 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა მისი სახელობის აუდიტორია.

ღონისძიება მიეძღვნა ზამო ზარქუას ხსოვნას, მის მრავალწლიან სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასა და იმ მნიშვნელოვან ღვაწლს, რომელიც მას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე მიუძღვის.

ზამო ზარქუა წლების განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც პედაგოგი, მეცნიერი, აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. იგი იყო ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აფხაზეთის რეგიონული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ბიოლოგიის კათედრის გამგე, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბიოლოგიის კათედრის გამგე.

მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება აფხაზეთისა და დასავლეთ საქართველოს ხეშეშფრთიანების შესწავლას უკავშირდებოდა. მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და პროფესიული დამსახურებისთვის ზამო ზარქუა დაჯილდოებული იყო მედლით „შრომის ვეტერანი“, სსრკ უმაღლესი სკოლის სამკერდე ნიშნით „თვალსაჩინო წარმატებისათვის მუშაობაში“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოქალაქეობრივი პოზიცია და თავდადება - ზამო ზარქუა მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.

საიუბილეო ღონისძიება გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ. მან ისაუბრა ზამო ზარქუას მრავალწლიან აკადემიურ და სამეცნიერო მოღვაწეობაზე, მის საქმიანობაზე ბიოლოგიის კათედრის გამგისა და ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობებზე, ასევე იმ განსაკუთრებულ დამსახურებაზე, რომელიც მის სახელს უნივერსიტეტის ისტორიასთან აკავშირებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები, ზამო ზარქუას მეგობრები და ოჯახის წევრები.

ზამო ზარქუა თბილად გაიხსენეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ, პროფესორებმა ზუარ ლომთათიძემ, მელორ ალფანიძემ, მერაბ ნაჭყებიამ, ბიოლოგიის დოქტორმა ჯუმბერ ხუბუტიამ, ასევე მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს მის პროფესიონალიზმზე, ადამიანურ თვისებებზე, უნივერსიტეტისადმი ერთგულებასა და იმ სამეცნიერო-პედაგოგიურ მემკვიდრეობაზე, რომელიც მომავალ თაობებს დარჩა.

ზამო ზარქუას ქალიშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა ზარქუამ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა მამის ხსოვნის დაფასებისა და მისი სახელობის აუდიტორიის გახსნისთვის.

ზამო ზარქუას სახელი და ღვაწლი დღემდე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში. მისი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა უნივერსიტეტის აკადემიური მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილია და მომავალ თაობებს პროფესიული ერთგულების, ღირსებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითს აძლევს.

ფოტო გალერეა