2026 წლის 23 მაისს, „აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა და ახალგაზრდული შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გაიხსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტო-გამოფენით, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის ამსახველი ფოტომასალა. გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთის, როგორც საერთო ეროვნული სივრცის, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენა, ასევე ახალგაზრდებში მეხსიერებისა და ერთიანობის იდეის გაძლიერება.
ფოტო-გამოფენის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აფხაზური ცენტრის - „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ - „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ სტიპენდიანტებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანოს - „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ - წევრებთან.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დაეთმო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე დიალოგს. მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და მშვიდობის კულტურის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიცია, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
23 მაისს, წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან ერთად, საქართველო მეცამეტედ აღნიშნავს „აფხაზეთობას“ - დღეს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ დააწესა და რომელიც ერთობის, შერიგებისა და საერთო მომავლის რწმენის სიმბოლოდ იქცა.
#სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #აფხაზეთობა2026 #აფხაზეთობა #აფხაზეთი #ფოტოგამოფენა #ქართულაფხაზურიურთიერთობები #მშვიდობა #შერიგება #SokhumiStateUniversity #Abkhazetoba2026 #SSU
