სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონ ემა კილანავას გარდაცვალების გამო


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების  პროფესორ-ემერიტუსის, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის, ქალბატონ ემა კილანავას გარდაცვალების გამო.

ქალბატონი ემა კილანავა ხუთ ათეულ წელზე  მეტხანს ღირსეულად ემსახურებოდა ქართულ განათლებასა და მეცნიერებას. მისი ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ მაგალითს წარმოადგენდა კოლეგებისა და სტუდენტებისთვის.

როგორც ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგემ, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კათედრის განვითარებაში, აკადემიური გარემოს გაძლიერებასა და არაერთი თაობის პროფესიულ ჩამოყალიბებაში. მისი ლექციები, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა, სტუდენტებისა და კოლეგებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მაღალი პროფესიონალიზმი ნათელ კვალს დატოვებს ყველას გულსა და მეხსიერებაში, ვისაც ქალბატონ ემასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ბედნიერება ჰქონდა.

იგი იყო აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი. 2013–2017 წლებში არჩეული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად და აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრების განვითარებაში.

ემა კილანავას მრავალწლიანი და თავდადებული მოღვაწეობა არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი აღინიშნა. 2012 წელს დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, ხოლო 2013 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იზიარებს ქალბატონ ემა კილანავას გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას და თანადგომას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

ფოტო გალერეა