სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თურქეთის უნივერსიტეტებთან სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას აფართოებს

საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის მანძილზე ქართულ-თურქული ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება, რაც, ბუნებრივია, უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოების პირველ პირთა პიროვნულ მეგობრულ დამოკიდებულებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება რეჯებ თაიპ ერდოღანის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოსთან კავშირების გასაღრმავებლად. სწორედ ამის გამოვლინებაა არაერთი სამეცნიერო ფორუმი და სასწავლო პროგრამა (ქართველოლოგიური, თურქოლოგიური), რომელიც თურქეთში ხორციელდება და საქართველოშიც მხარდაჭერილია ოფიციალური ანკარის მხრიდან.

 

საინტერესოა, რომ პრეზიდენტ რ. ერდოღანის ხელისუფლების დროს არაერთ უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ფილოლოგიის კათედრა, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებენ და თურქეთში პოპულარიცაზიას უწევენ ქართულ ენა-ლიტერატურასა და ქართველოლოგიურ კვლევებს.

 

2023 წლის 26-28 ოქტომბერს, თურქეთში დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენის გან­ყო­ფი­ლების ინიციატივით ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „თურქულ-ქართული ურთ­ი­ე­რ­თო­ბები“. სიმპოზიუმის მონაწილეებმა სამეცნიერო ფორუმზე თავი მოუყარეს თურქეთის ოთხ უნივერსიტეტში - დუზჯეს, რიზეს, არდაჰანისა და ყარსის უნივერსიტეტების არსებულ ქართული ენის განყოფილების წარმომადგენლებს. ოთხივე უნივერსიტეტში მოქმედებს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელთა წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ საქარ­თ­ვე­ლოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ქართვე­ლო­ლო­გე­ბთან. სიმპოზიუმის მუშაობაში ჩართულნი იყვნენ თურქეთის, საქართველოს, აშშ-ის, ესპანეთის, რუსეთიდან ადიღეს და მოსკოვის უნივერსიტეტებისა და სხვა ქვეყნების ქართველოლოგები. საგულისხმოა, რომ სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდა ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმო­მად­გე­ნ­ლე­ბი.

 

                დუზჯეს საერთაშორისო სიმპოზიუმის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომლის მოხსენება „სამხრეთ კავკასია ახალი გეოპოლიტიკური სამშვიდობო სივრცე“, კავკასიის რეგიონში მშვი­დო­ბის მშენებლობის ახალ ფორმატს და ინოვაციური მიდგომების გავრცელებას მიეძღვნა. უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან, მოხსენების ფარგლებში, გაჟღერდა ახალი ინიციატივები, რომლებიც, როგორც სამშვიდობო განათლებას, ასევე სასწავლო-სამეცნიერო კვლევით საქ­მ­იანობას ეხება. სიმპოზიუმზე მოხსენებით წარდგა ასევე პროფესორი ლია ახალაძე „წე­რი­ლობითი კულტურის აფხაზი მკვლევარი ხუხუტი ბღაჟბა!

 

                2023 წლის 28 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ზურაბ ხონელიძესა და დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ნედიმ სოზბირს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთ­ა­ნა­მშრომლობის მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს ორივე უნივერსიტეტის ერთობლივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით: ჰუმა­ნი­ტა­რული მეცნიერებანი, განათლების მეცნიერებანი, სოციალური მეცნიერებანი, საბუნები­ს­მე­ტ­ყველო მეცნიერებანი, კომპიუტერული მეცნიერებანი, სამართ­ა­ლი და ბიზნესის ადმინი­ს­ტ­რი­რება. მემორანდუმი გააფართოებს თანამშრომლობას ყველა უნივერსიტეტთან, რომელიც ქართული ენის სპეციალისტებს ამზადებს. შეხვედრის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ და დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნედიმ სოზბირმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, დაიგეგმა მომავალი შეხვედრები და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები თურქეთსა და საქართველოში.

 

სსუ-ის რექტორმა შეხვედრაზე გამოთქვა სურვილი, ქართულ-თურქული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აღნიშნული სიმპოზიუმი გახდეს ყოველწლიური და, თურქეთთან ერთად, გაიმართოს საქართველოშიც. მასპინძლებმა სიამოვნებით გაიზიარეს წამოყენებული წინადადება.

 

მეზობელ ქვეყანაში ვიზიტისას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გამართა შეხვედრები თურქეთის ქართველობის წარმომადგენლებთან, გააცნო მათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, როლი და მისია თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და ქართულ სახელმწიფოში, ასევე ესაუბრა მშვიდობის ქართული პარადიგმის – საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ. მალე თურქეთში, თურქულ ენაზე, გამოიცემა რექტორის მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. 


    დუზჯეს უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმი აქ არსებული ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების დაარსების 10 წლის იუბილეს მიეძღვნა (განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სალია, წევრები: შორენა ლომაია, მარიამ სულხანიშვილი). ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საქართველოს ელჩი თურქეთში ბატონი გიორგი ჯანჯღავა. საგულისხმოა, რომ სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ  თურქეთის სხვადასხვა ქალაქში არსებული ქართული კულტურის ასოციაციების წარმომადგენლები, თურქეთელ ქართველები, რომლებმაც სიმპოზიუმზე წარმოადგინეს  კულტურული ღონისძიებები. უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო ქართული ეროვნული სამოსისა და  ქართული კალიგრაფიის ნიმუშების გამოფენა. სტამბოლის შოთა რუსთაველის საოგადოების ინიიატივით, კონფერენციის მონაწილეები ჩაერთვნენ  ვეფხისტყაოსნის” ხელით გადაწერის პროექტში. სიმპოზიუმის ფარგლებში ნაჩვენები იყო ფილმი ცნობილ ქართველ ენათმეცნიერზე ტარიელ ფუტკარაძეზე -სამყარო აჭარიდან შევიცანი (რეისორი - ნინო გელოვანი), რომელმაც წარმოაჩინა პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ღვაწლი ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობებში.  მნახველებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ფერეიდნელი ქართველის - ჰელენ იოსელიანის  ნამუშევრების გამოფენა. ამაღელვებელი იყო კონეფერენციის პირველი დღის დასასრულს დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტებისა  და თურქეთელ ქართველების მიერ  წაკითხული  ქართველი და თურქი პოეტების ლექსები,  თბილისიდან ჩასული ქართველი მეცნიერისა და პოეტის ცირა ბარბაქაძის ლექსები აჟღერებული ქართულ და თურქულ ენებზე. დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციამ (ხელმძღვანელი - აიდინ კუბილაი) გულთბილი შეხვედრა მოუწყო კონფერენციის მონაწილეებს. საგულისხმოა, რომ სიმპოზიუმმა არაერთ ახალ ინიციატივასა და საინტერესო სამომავლო გეგმებს ჩაუყარა  საფუძველი, დაიგეგმა სიმპოზიუმზე წარმოდგენილი  მოხსენებების გამოქვეყნება უახლოეს ხანებში. 

ფოტო გალერეა