ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ყოფილი თანამშრომელი, ფაკულტეტის კოლორიტი და ამაგდარი ქალბატონი ნელი ჭელიძე.
ნელი ჭელიძე დაიბადა 1947 წლის 7 აგვისტოს, ქალაქ სოხუმში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო სოხუმის აკაკი წერეთლის სახელობის №6 საშუალო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის სპეციალობით, რომელიც 1969 წელს წარმატებით დაამთავრა.
1974 წლიდან ქალბატონი ნელი შრომით საქმიანობას შეუდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილ სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 2019 წლამდე იგი მუშაობდა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მდივნად, ხოლო 2019-2021 წლებში იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების მთავარი სპეციალისტი.
ქალბატონი ნელი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, შრომისმოყვარეობით, კეთილგანწყობითა და ადამიანური სითბოთი. მის ხელში პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა არაერთმა თაობამ გაიარა, რომელთაც დღემდე სიყვარულით ახსოვთ მისი ყურადღება, მზრუნველობა და გულწრფელი დამოკიდებულება.
ქალბატონმა ნელიმ თავისი უანგარო შრომითა და კოლეგიალობით თანამშრომელთა და სტუდენტთა დიდი პატივისცემა დაიმსახურა. იგი ყოველთვის დარჩება ფაკულტეტის ღირსეულ წარმომადგენლად, ნათელ სახედ და ყველასთვის საყვარელ ადამიანად.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ფაკულტეტისთვის და თითოეული ადამიანისთვის, ვისაც მასთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ხვდა წილად.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ქალბატონი ნელის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის აღზრდილ მრავალ თაობას.
ქალბატონმა ნელი ჭელიძემ შექმნა თავისი ეპოქა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ცხოვრებაში და სამუდამოდ დარჩება უნივერსიტეტის ისტორიაში, მეხსიერებასა და გულებში.
დაკრძალვა: კვირას, 3 მაისს, 14:00 საათზე.
მისამართი: ვარკეთილი, ვარკეთილის მეურნეობა, თვალჭრელიძის ქუჩა №30, ახალი დამპალოს სასაფლაოს რიტუალების სახლი.
