სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე წარმატებულად წარსდგა

2023 წლის 6-7 ოქტომბერს თბილისში გაიმართა განათლების საერთაშორისო გამოფენა, სადაც სხვა ქართულ თუ უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.

 

ჩვენი უნივერსიტეტისთვის წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა დიპლომით „უნივერსიტეტის ყველაზე ეფექტური პრეზენტაციისათვის“.

 

ეს შედეგი არ დადგებოდა, თუ არა რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასოცირებულ პროფესორ ნინო თოფურიძის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსი გახარიას, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერის, პროფესორ დავით ჯალაღონიას სრული მხარდაჭერა.

 

უცილობლად მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანების, აკადემიური პერსონალის, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა, ასევე სტუდენტების მხარდაჭერა და სრული ჩართულობა. ორი დღის მანძილზე ისინი პოპულარიზაციას უწევდნენ უნივერსიტეტს და პასუხობდნენ აბიტურიენტთა შეკითხვებს.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდის სტუმართათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჩვენი ქიმიკოსების, ფარმაცევტებისა და ბიოლოგების საოცარი სამეცნიერო შოუ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა მიერ გამოცემული ახალი კვლევები და ნაშრომები.

 

ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ აუდიტორიას გააცნო უნივერსიტეტის 91-წლოვანი ისტორია, აქ მოქმედი სასწავლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობა განათლების საერთაშორისო ფესტივალზე დაგეგმილი და ორგანიზებული იყო საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.

ფოტო გალერეა