სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონტაქტებს აფართოებს

2021 წლის 16 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ ონლაინ-შეხვედრა გამართეს ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ლიეტუვის რესპუბლიკა) რექტორ, პროფესორ ინგა ზალენიენესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორი ჟანეტა სიმანავიჩაინე და ამავე უნივერსიტეტის საგარეო დეპარტამენტის უფროსი აუდრა დარგაიტე-ბუროკიენე.

 ბატონმა ზურაბმა სტუმრებთან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ამჟამად აღმოჩნდა მსოფლიო, ზოგადად განათლების სფერო, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიასა და განვითარებაზე, მისიაზე და ამოცანებზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე; რექტორმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი სამშვიდობო განათლების ცენტრის მიზანი, ფუნქციები და საქმიანობა; ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ლიეტუვის თბილ ურთიერთობებზე, მათ საერთო ინტერესებზე, საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფციაზე, როგორც კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიან ფორმაზე და მის მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულ უახლეს ნაშრომებზე,

 მიკოლას რომერის უნივერსიტეტის რექტორმა ინგა ზალენიენემ მოკლედ მიმოიხილა უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების ისტორია, ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო ერთეულებსა და პროგრამებზე, იმ თავისებურებებზე, რომლითაც გამოირჩევა იგი საგანმანათლებლო ბაზარზე; მან ისაუბრა ვირუსული ინფექციის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე, სწავლების ინოვაციური ფორმებისა და მიდგომების კუთხით არსებული მოწინავე გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე. ქალბატონმა ინგამ გამოთქვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მზადყოფნა, წამოაყენა იდეა უნივერსიტეტებს შორის ორმაგი დიპლომის დანერგვის შესახებ; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორ ი. ზალენიენეს დიდი ინტერესი გამოიწვია საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფციამ და სურვილი გამოხატა უკეთ გასცნობოდა ამ მიმართულებით არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

 ქალბატონმა აუდრა დარგაიტე-ბუროკიენემ ისაუბრა უნივერსიტეტის საგარეო საქმიანობაზე ინტერნაციონალიზაციის კუთხით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური გაცვლის შესაძლებლობებზე, განიხილა სამომავლო თანამშრომლობის სხვა ფორმები, ერთობლივი პროექტები და სხვ.

 შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტების რექტორები  მჭიდრო ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

ფოტო გალერეა