სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ჯალაღონია იმყოფებოდა საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში სამუშაო ვიზიტით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.
ვიზიტის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ჯანდაცვა, განათლება და სპორტი ძლიერი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების პერიოდში“. მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს მიმართა მისასალმებელი სიტყვით. მან ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობასა და საქართველოსა და თურქმენეთს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაც, სადაც საქართველოს კერძო უნივერსიტეტები საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამებს წარადგენდნენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია სწავლის შესაძლებლობების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია შეხვდა მაგთიმყულის სახელობის თურქმენეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს. შეხვედრაზე ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ერთობლივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.
თურქმენეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს დელეგაციის სხვა წევრებმაც - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ლავრენტი გუდავაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტრისტან გულბიანმა.
