სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თსუ-ს სტუდენტებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ

 

2021წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2021 წ. 1 სექტემბერს,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გააფორმა.

 

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების შედეგად არსებული ვიდეო ჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში განთავსების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს მიაწოდებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სტუდენტების/კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას. ამასთან,დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის მხარეები ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს.

 

ხელმოწერის ცერემონია ცესკოში გაიმართა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა აღნიშნული ინიციატივის შედეგად ერთი მხრივ, სტუდენტები ჩაერთვებიან და გარკვეულ წვლილს შეიტანენ საარჩევნო პროცესში და   მეორეს მხრივ ახალგაზრდა თაობას მიეცემა შესაძლებლობა,რომ ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში მიიღოს სამუშაო გამოცდილება. „ჩვენთვის მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს სტუდენტები დაინტერესდებიან ამ შესაძლებლობით, მნიშვნელოვანია მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის პროექტები და ახალგაზრდა თაობის, შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მქონე ადამიანების წახალისება,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა მემორანდუმების გაფორმების შემდგომ.

 

-„სტუდენტებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართულნი არჩევნების გამჭვირვალედ წარმართვის პროცესებში, ხმის დათვლის პროცესების გადაღებასა და გაციფრულებაში. მიიღებენ დიდ გამოცდილებას და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი თავის შესაძლებლობებს უკეთესობისკენ გადააფასებს“-განაცხადა სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაყრდნობით ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება,რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა.გადაღებული ვიდეო მასალა ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება. სწორედ ამ პროცესის ტექნიკურად განხორციელებაში იქნებიან ჩართული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.



ფოტო გალერეა