სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ყოველწლიური დასკვნითი პრეზენტაცია

2021 წლის 18 მაისს გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული იურიდიული კლინიკის ყოველწლიური დასკვნითი პრეზენტაცია აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგიურ კოლექტივთან. შეხვედრა შედგა Zoom-პლატფორმით. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლალი გაბისონიამ. მან ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნებსა და მისიაზე, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პრაქტიკულ კლინიკებზე, იურისტის პროფესიის არსსა და შესაძლებლობებზე, შემდეგ წარადგინა იურიდიული კლინიკის ბაზაზე პრაქტიკული სამართლის სწავლების 18 კრედიტიანი კლინიკით მომზადებული საპრეზენტაციო თემები სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

 

დღევანდელ შეხვედრაზე წარსდგა სამი მომხსენებელი:

1.       მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ნინო გოგოლაძე თემით – „კიბერბულინგი“.

2.        მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ლიკა ხობელია თემით – „ადვოკატის ქცევის წესები და სამართლებრივი მოქმედების ჩარჩოები საქართველოში“.

3.        ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი ეთერ ბეკურაული თემით – „გამართული სამართლებრივი წერის ხუთი ძირითადი პრინციპი, ქართული და უცხოური საძიებო სისტემები, ციტირების წესები და სტანდარტები“.

 

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული იურიდიული კლინიკის მუშაობა არ შეწყვეტილა პანდემიის პირობებშიც. საპრეზენტაციო თემების მომზადებაში იურიდიული კლინიკის ხელმზღვანელთან ერთად იყო ჩართული ასისტენტი, პრაქტიკოსი-ადვოკატი ლაშა გელანტია.

 

სკოლის დირექციამ იმედი გამოთქვა, რომ ეს ტრადიციად ქცეული თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება მომავალში, იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლალი გაბისონიამ და #2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა ჯალაღონიამ შეათანხმეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და დეტალები. ქალბატონმა ნ. ჯალაღონიამ დიდი მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტს, იურიდიულ კლინიკას მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საინტერესო თემების მომზადებისთვის. სამომავლოდ დაიგეგმა საჯარო პრეზენტაციების სერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი თანამშრომლობით, რაც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და შესაბამის მოტივაციას, შესძენს მათ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, სამეცნიერო მასალის სწორად მოძიებისა და გამოყენების უნარს, სამართლებრივ პრობლემებზე სწორი ხედვის ჩამოყალიბების უნარს. თემების შერჩევა მოხდება სკოლის დირექციასა და სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტს შორის აზრთა შეჯერების საფუძველზე. წარმოდგენილი თემების ირგვლივ დაისვა ბევრი კითხვა და შეხვედრამ დაგეგმილზე მეტ ხანს გასტანა, რამაც ორივე მხარეს გაუჩინა სურვილი, სექტემბრის თვიდან დაიგეგმოს პრეზენტაციათა სერია სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობით: ნაწილი პრეზენტაციებისა ჩატარდება სკოლის სივრცეში, ნაწილი კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სივრცეში.

იურიდიული კლინიკის მიერ წარმოდგენილი თემები იყო საინტერესო და აქტუალური, სკოლის დირექტორმა განსაკუთრებულად აღნიშნა ბაკალავრის ეთერ ბეკურაულის წარმატებული დებიუტი ამ ფორმატში. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულმა კლინიკებმა მოიცვა არა მხოლოდ სამაგისტრო პროგრამა, მოქმედ საბაკალავრო პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების თხოვნა და წარმოდგენილია არაერთი პრაქტიკული კლინიკა, რაც კიდევ უფრო ზრდის სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხარისხს და იურიდიული კლინიკის სამოქმედო არეალს. საბოლოო ჯამში მიზანი ერთია – მაღალი კლასის პროფესიული კადრების აღზრდა, რასაც სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი უკვე 30 წელზე მეტია წარმატებით ართმევს თავს.

 

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკა დიდ მადლობას უცხადებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს და სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ვეფხვია გვარამიას კლინიკის გამართულ მუშაობაში ხელშეწყობისათვის.

 

ლალი გაბისონია

იურიდიული კლინიკის უფროსი, პროფესორი 

ფოტო გალერეა