სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახდა


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის სახელით, რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ცნობილ ქართველ იურისტს და სახელმწიფო მოღვაწეს, პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევასა და საქართველოს იუსტიციის მინისტრად დანიშვნას ულოცავს.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამაყობს, რომ სწორედ მისი კურსდამთავრებულთაგანი გახდა ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინსტიტუციის პირველი ქართველი მოსამართლე.


ბატონმა გოჩა ლორთქიფანიძემ 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით. 1995 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების სამართალში, ხოლო 2004 წელს – ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ქ. ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი, ასწავლიდა ადამიანის უფლებებს, მიჰყავდა აკადემიური პროგრამები იძულებით გადაადგილებული პირების და ქალთა უფლებების შესახებ. 2011-2014 წლებში კი გ. ლორთქიფანიძე მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე ფორდამის უნივერსიტეტში (აშშ).

გ. ლორთქიფანიძე არის ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის, ვენეციის კომისიისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრი.  

ბატონი გოჩა აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას რამდენიმე ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა არასდროს დაუკარგავს კავშირი მშობლიურ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც აქტიურად ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, მიჰყავს რამდენიმე სალექციო კურსი ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ფოტო გალერეა