სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი წარმატება

2022 წლის 13 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, თბილისში, მსოფლიო ბანკის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ჩატარდა პროფესიული სასერტიფიკაციო პროგრამის - ACCA - Association of Chartered Certified Accountants -  სწავლების მეთოდოლოგიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსები, რომელშიც მონაწილეობდა სსუ-ის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების აკადემიური პერსონალი. პროფესორები: დავით ჯალაღონია, ნანული ძიმცეიშვილი, იური პაპასქუა, მარინე ხუბუა, ნაზიბროლა გვარამია, ნინო ხარებავა, ბადრი გიორგიძე.

 

პროექტის ფარგლებში, ტრენინგ-კურსები ჩატარდა მოდულებში: ფინანსური აღრიცხვა (F-3), მმართველობითი აღრიცხვა (F-2), საქმიანობის შედეგების მართვა (F-5), ფინანსური ანგარიშგება (F-7), აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება (F-8), ფინანსური მართვა (F-9).

 

ღონისძიება განხორციელდა საგანმანათლებლო და პროფესიული სერტიფიცირების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა (ბაფ) და სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. მემორანდუმი ხელმოწერილია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის და ბაფ-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლავრენტი ჭუმბურიძის მიერ.

 

ტრენინგი მიზნად ისახავს ბაფ-ის პროფესიული სერტიფიცირების (ACCA) პროგრამის პირველი და მეორე საფეხურის მოდულების (7 წიგნი) სილაბუსებთან, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ანალოგიური საგნების პროგრამებისა და საგამოცდო მასალების მაქსიმალურ შესაბამისობას და უზრუნველყოფს პროფესიული სერტიფიცირების მოდულებში აკრედიტაციის (ჩათვლის) შესაძლებლობას.

 

პროექტის ფარგლებში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, ასევე, ტრენინგ-კურსებში ჩართულ თითოეულ აკადემიურ პერსონალს, უსასყიდლოდ გადაეცა წიგნები ყველა მოდულში.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სხვა 6 უნივერსიტეტთან (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) ერთად, აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტში.

 

სსუ-ის ჩართვა აღნიშნულ პროექტში, თავისთავად გულისხმობს, ამ მიმართულებითაც, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღიარებას.

 

სსუ-ის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების აკადემიურმა პერსონალმა  წარმატებით დაასრულა აღნიშნული ტრენინგ-კურსი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც აძლევს მათ უფლებას, დარგის სპეციალისტების უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დაინტერესებული აკადემიური ჯგუფებისთვის, თვითონ ჩაატარონ ასეთი ტრენინგ-კურსები და გაუძღვნენ შესაბამის მოდულებს.

ვულოცავთ მათ და მთელ უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

 

ფოტო გალერეა