სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა

2020 წლის 28 მაისს ქალაქ  ბათუმში, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ ინიციატივით, ადგილობრივ აფხაზებთან გაიმართა შეხვედრა, რომელშიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძეც მონაწილეობდა. ღონისძიებების ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციაც გაიმართა. ამ ფორუმში მონაწილეობდნენ სახელისუფლებლო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.

ბატონი ზურაბი სიტყვით წარსდგა აჭარის საზოგადოების წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებ აფხაზთა წინაშე. მან ხაზი გაუსვა ქართველთა და აფხაზთა ძმობას, რომელშიც გარეშე ძალამ გარკვეული ბზარი შეიტანა. თუმცა ეს ერთობა უპრობლემოდ გრძელდება ენგურსგამოღმა საქართველოში, რაც ყველაზე ხელშესამჩნევად სწორედ აჭარაში იკვეთება, სადაც საუკუნეების მანძილზე ქართველი და აფხაზი ერთად ცხოვრობს, ერთად აშენებს ერთიან საქართველოს. აქვე ბატონმა ზურაბმა გაიხსენა ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ნუნუ ჩაუშბა, რომელსაც განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

თავის მოხსენებაში რექტორმა ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვან როლზე აფხაზეთმცოდნეობასა და აფხაზური ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში. აღინიშნა, რომ უნივერსიტეტი ყოველნაირად ცდილობს მიიღოს აქტიური მონაწილეობა და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს აფხაზური კულტურის გადარჩენასა და განვითარებისათვის. აქ მოქმედებს საბაკალავრო პროგრამა „აფხაზური ფილოლოგია“ და აჭარაში მცხოვრები აფხაზი, და არა მარტო აფხაზი, აბიტურიენტები სასწავლებლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიწვია.

რამდენიმე წელიწადია, რაც უნივერსიტეტში ამოქმედდა და აქტიურად მუშაობს სამშვიდობო განათლების ცენტრი. მისი მთავარი მიზანი და მისია სწორედ კონფლიქტების დარეგულირების სამშვიდობო გზების ძიება და კვლევაა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის მოემსახუროს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას!

განათლება და მეცნიერება, აკადემიური სივრცე ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად ჰქმნის ნოყიერ ნიადაგს კონფლიქტების მოსაგვარებლად. ეს კი ყველაფერი მშვიდობის ახალ ქართულ პარადიგმაში – „საუნივერსიტეტო დიპლომატიაში“ – აისახა, რომლის ინიციატორიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია. მალე შესაბამისი სამენოვანი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება და სტუდენტებსაც მიიღებს როგორც საქართველოდან, ასევე – უცხოეთიდანაც.

– ჩვენი უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ბედის თანაზიარია და ის არის ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ხიდი, რომელიც ორ ნაპირს აერთიანებს, დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფოს უნივერისტეტისადმი – ეს არის დამოკიდებულება აფხაზეთის პრობლემისადმი და დამოკიდებულება აფხაზეთის პრობლემისადმი – ეს არის დამოკიდებულება ერთიანი ქართული სახელმწიფოსადმი! უმოკლესი გზა – ვემსახუროთ ქვეყნის ერთიანობას – გადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე! – აღნიშნა ბატონმა ზურაბმა.

 

ფოტო გალერეა