სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა

2021 წლის 17 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას ეძღვნებოდა.

ამ აკადემიური ფორუმის ორგანიზატორნი იყვნენ აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება ერთობა ხვალისთვის“, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია.

ღონისძიება გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა გახსნა, რომელმაც კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიების პროცესში მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე კონფერენციის წინაშე წარსდგა მოხსენებით „მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა – „საუნივერსიტეტო დიპლომატია. ავტორმა ხაზი გაუსვა უმაღლესი სასწავლებლების, აკადემიური სივრცის დიდ მნიშვნელობას სამშვიდობო დიპლომატიის თვალსაზრისით, რომელიც დღემდე შესაბამისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტორების ყურადღების მიღმაა, თუმცა მისი სრულყოფილი ამოქმედება და პროცესებში ჩართულობა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ეფექტურ გზად ისახება.

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდმივად მუშაობს აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის საკითხებზე. უნივერსიტეტში შექმნილია სამშვიდობო განათლების ცენტრი, რომელიც იკვლევს კონფლიქტს და ეძებს პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის გზებს. ამ თემისადმი მიძღვნილ კონფერენციების ციკლში ჩართული იქნება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იქნება და ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის“, აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

ფოტო გალერეა