სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ვიზიტი სტამბოლში უმნიშვნელოვანესი და ისტორიული შეხვედრით გაგრძელდა: 2022 წლის 30 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდა მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტი, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, მამა ილია ჯინჯოლავა.

რექტორმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა მოწვევისა, მსოფლიო მშვიდობის მშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილის, საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის მთლიანობის მხარდაჭერა-თანადგომისათვის. მადლიერების ნიშნად, მან ბართლომეოს I-ს ქართული პანაღია გადასცა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება გააცნო.

ყოვლადუწმინდესმა პატრიარქმა რექტორს და დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის, ასევე აკადემიურ საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ბართოლომეოს I-მა აღნიშნა, რომ მისთვის ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც მოკრძალებით იღებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.

შეხვედრისას მსოფლიო პატრიარქმა ძმური სიყვარულით მოიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მიულოცა ანგელოზის დღე – ილიაობა (2 აგვისტო) – და უწმიდეს ილია II-სთან გამართული რამდენიმე შეხვედრაც გაიხსენა.

საუბარი აფხაზეთის საკითხსაც შეეხო. ბატონი ზურაბის თქმით, ის დღის წესრიგი და მოცემულობა, რომელიც ამ ვითარებიდან გამომდინარე დაუდგა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ პროცენტებით არ განიზომება. ის კომპლექსური საკითხია, რომელიც ქართველისა დ აფხაზის ყოველდღიური ცხოვრების ხასიათზე ახდენს გავლენას. ამასთან მასზეა დამოკიდებული რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მომავალიც.

მსოფლიო პატრიარქმა გაიზიარა ამ საკითხებში სოხუმის სახელმწიფო რექტორის ხედვა და იქვე მკვეთრად დააფიქსირა მის მიერ არაერთხელ გამოხატული თავისი მკაფიო პოზიცია, რომ არ იქნება არანაირი განყოფა: საქართველო ეს არის – ერთი სახელმწიფო, ერთი ეკლესია, ერთი პატრიარქი!

პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ყოვლადუწმიდეს პატრიარქს წარუდგინა და დეტალურად გააცნო მისი ახალი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რასაც დიდი დაინტერესება მოჰყვა პატრიარქისგან.

ბართლომეოს I-მა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია დღევანდელი საზოგადოებისთვის. მან სურვილი გამოთქვა წიგნის დეტალური გაცნობის და შემდგომი განხილვების გაგრძელების აღნიშნული ინიციატივის გარშემო.

შეხვედრის დასასრულს, პატრიარქის ინიციტივით გამართულ ტრაპეზზე, რექტორმა მადლობა გადაუხადა კონსტანტინეპოლელ მღვდელმთავარს გულთბილი მიღებისათვის. ასევე დაიგეგმა საზეიმო ღონისძიება, რომელიც ამა წლის 23 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება და რომელზეც ყოვლადუწმიდეს ბართოლომეოს  სოხუმის საპატიო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადაეცემა.

 

ფოტო გალერეა