სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორის მიერ პირადადაა მიწვეული მნიშვნელოვან სამეცნიერო-პოლიტიკურ ფორუმზე („ყარაბაღი: დაბრუნება სახლში 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“), რომელიც იმართება ამა წლის 4-7 დეკემბერს აზერბაიჯანში, კერძოდ, ზანგეზურში, ზემოხსენებული ინსტიტუციის ორგანიზებით. ღონისძიება ძალიან მასშტაბურია და მასში მონაწილეობს 70-მდე სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, დიპლომატი და მეცნიერი ამერიკის, ევროპისა და აზიის ათეულობით ქვეყნიდან.

რექტორმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო მშვიდობის ქართული პარადიგმის იდეა, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება საუნივერსიტეტო დიპლომატიის გზით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მუშაობს „სამშვიდობო განათლების ცენტრი“, რომელთანაც თანამშრომლობენ მეცნიერები და მკვლევარები არაერთი ქვეყნიდან. პროფესორმა ზ. ხონელიძემ ისაუბრა ამ იდეის საფუძველზე შექმნილი სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) მონოგრაფიის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ – შესახებ, რომელიც უკვე თარგმნილი და გამოცემულია 8 ევროპულ სახელმწიფოში და ეს პროცესი კიდევ გრძელდება.

ამ იდეასთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს ფორუმში მონაწილეებმა და დაიგეგმა სამომავლო პროექტები, რომლებიც ჩვენი სასწავლებლის ლიდერობით, განხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ. ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პროფესორ ზურაბ ხონელიძის საერთაშორისო ავტორიტეტსა და მის მიერ ინიცირებული იდეის უნიკალურობას.

ამასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრ ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, ბატონი მეთიუ ბრაიზა და ბრიუსელის დიპლომატიურ აკადემიის წარმომადგენელი, პროფესორი ჟან დე ბრაბანდერი. ბატონმა ჟანმა აღფრთოვანება გამოხატა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეასთან დაკავშირებით და გამოთქვა სურვილი, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბრიუსელის დიპლომატიურმა აკადემიამ საერთო პროექტი განახორციელონ კავკასიაში სამშვიდობო პროცესების ინტენსიფიკაციის მიზნით. მან იცოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ევროპის პარლამენტში მოხსენებით წარდგომის შესახებ და დეკემბრის მიწურულს დაიგეგმა მის სასწავლებელში ოფიციალური ვიზიტი. მომავალი წლის თებერვლის დასაწყისში კი პროფესორი ჟ. დე ბრაბანდერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმარი იქნება.

თურქეთის რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ჰიქმეთ ჩეთინმა თავისი პატივისცემა დაუდასტურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, სადაც, ასევე, კოლეგებთან ერთად, განიხილავენ და შეისწავლიან მშვიდობის ქართული პარადიგმის იდეას. ბატონი ზურაბი ცნობილ თურქ დიპლომატს ესაუბრა სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო-კულტურულ ინსტიტუციებთან მჭიდრო კავშირების შესახებ, რამაც ბატონი ჰიქმეთი აღაფრთოვანა.

ბატონმა ზურაბმა ოფიციალური შეხვედრა გამართა ზანგეზურშის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სპეციალურ წარმომადგენელ, ბატონ ვაჰიდ ჰაჯიევთან და ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია, სადაც ისაუბრებს ყარაბაღში აზერბაიჯანის იურისდიქციის აღდგენისა და მშობლიურ კუთხეში იძულებით გადაადგილებულ აზერბაიჯანის მოქალაქეთა დაბრუნების საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, ვინაიდან XXI საუკუნის დასაწყისში ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლო.

ფორუმი გრძელდება, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის მუშაობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიერ რეგიონში მშვიდობის ახალი კონცეფციის წარმოდგენა. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებაა, რომელიც თავად არის რეგიონული კონფლიქტის (რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ) მსხვერპლი. ჩვენი უნივერსიტეტი ხელს უწვდის ენგურსგაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და სთავაზობს მათ ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას.

მოკლე ხანში შედგება პროფესორ ზურაბ ხონელიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. როგორც ამა წლის 6 ივლისს ჩვენს უნივერსიტეტში ვიზიტისას სომხეთის ელჩმა შენიშნა: „ბატონი ზურაბ ხონელიძე უნიკალური ადამიანია. ის არის ხიდი როგორც კავკასიის სახელმწიფოებს, ისე დიპლომატიასა და საგანმანათლებლო საქმიანობას შორის. როცა ჩვენ საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, ვხვდებით, რომ ეს არის საერთაშორისო მშვიდობის ფორმულა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ზურაბს ამ იდეის მიგნებისა და მოწოდებისთვის. ის საქმე, რასაც ბატონი ზურაბი აკეთებს, ძალზე დასაფასებელია და მჯერა, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ძალიან მალე საქართველოს გარდა მთელი ამიერკავკასიის რეგიონს მოიცავს“.

ფოტო გალერეა