2024 წლის 15 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,
პროფესორი ზურაბ ხონელიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო
ელჩს, ბატონ ფაიკ გულიევს შეხვდა.
მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა რექტორს ოფიციალურად
აცნობა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ილჰამ ალიევის
პირადი გადაწყვეტილებით, პროფესორი ზურაბ ხონელიძე კავკასიაში საყოველთაო მშვიდობის
განმტკიცებისა და მშვიდობის ქართული პარადიგმით შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივებისათვის
დაჯილდოებულია „პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 100 წლისადმი
მიძღვნილი საიუბილეო მედლით“.
როგორც გვეცნობა, ეს უმაღლესი ჯილდო სულ რამდენიმე უცხოელს გადაეცა.
ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ რექტორი ზურაბ ხონელიძე მათ შორისაა. აღსანიშნავია,
რომ ამ რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტისას, სსუ-ს ხელმძღვანელსა
და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის პერსონალური შეხვედრა შედგა. მხარეებმა „საუნივერსიტეტო
დიპლომატიის“ იდეის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, ბატონმა ზურაბმა მეზობელი
სახელმწიფოს ლიდერს თავისი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ გადასცა.
პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიერ ინიცირებული იდეა, რომელიც გამოხატულია
მშვიდობის ქართულ პარადიგმაში, უნიკალური ხედვაა, რაც დიპლომატიისა და საუნივერსიტეტო
სივრცის სინერგიით დიალოგისა და, შესაბამისად, მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას
იძლევა.
კავკასია, ახლო აღმოსავლეთთან და ბალკანეთთან ერთად, ევრაზიის ერთ-ერთი
ურთულესი რეგიონია. უახლესი ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ის ძალიან საჭიროებს მტკიცე
მშვიდობიან გარემოს. წარსული გამოცდილების ანალიზით ჩანს, რომ ჩვენს სამ სახელმწიფოს,
მშვიდობიანი თანაარსებობითა და თანამშრომლობით, შეუძლია მნიშვნელოვანი სივრცის შექმნა,
სადაც შესაძლებელი გახდება წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტების განხორციელება.
ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
ბაქოში ზუსტად შენიშნეს ამ იდეის ინოვაციურობა. სწორედ ამის გამოხატულებაა
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ზემოხსენებული გადაწყვეტილებაც.
ვულოცავთ ბატონ რექტორს ამ დიდი ჯილდოს მიღებას! ეს არ არის მხოლოდ
მისი აღიარება. ეს არის კავკასიაში საქართველოს ისტორიული როლისა და სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამშვიდობო მისიის აღიარება.