2026 წლის 19 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა პროფესორმა მელორ ალფენიძემ. მან ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის აკადემიური ტრადიციების მნიშვნელობასა და ღვაწლმოსილი პედაგოგების განსაკუთრებულ როლს საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში.
იუბილარების ბიოგრაფიები დამსწრე საზოგადოებას გააცნო დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა კობა კორსანტიამ. მან მიმოიხილა თითოეული იუბილარის პროფესიული გზა, სამეცნიერო საქმიანობა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა. მან ღვაწლმოსილ პედაგოგებს საიუბილეო თარიღები მიულოცა და ისაუბრა მათ მრავალწლიან საქმიანობაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
იუბილარებს ასევე სიტყვით მიმართეს რექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ. მათ პროფესორ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის და სამომავლო წარმატებები უსურვეს.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და პედაგოგიური საქმიანობის აღსანიშნავად, იუბილარებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სიგელები და საჩუქრები გადაეცათ ღვაწლმოსილ პროფესორ-მასწავლებლებს: პროფესორ მალხაზ აშორდიას, ასოცირებულ პროფესორებს - მინედა ჭანტურიას, მარინა ჭურღაია-შურღაიას, მალხაზ კუციას, ასისტენტ-პროფესორ გიორგი ვანიშვილსა და ლაბორანტ ზაურ კეკელიას.
იუბილარებმა მადლობა გადაუხადეს კოლეგებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აღნიშნეს აკადემიური ერთიანობის მნიშვნელობა და მადლიერება გამოხატეს ღონისძიების ორგანიზებისთვის.
ღონისძიება საზეიმო გარემოში, სიმბოლური ტორტის გაჭრითა და მილოცვებით დასრულდა.
