სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმრობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022 წლის 20 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მაკა ბერიძის მიწვევით, ახალციხეში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის და უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი შედგა.

 

დღის წესრიგი ორი ღონისძიებისაგან შედგებოდა: უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა და პრეზენტაცია პროფესორ ზ. ხონელიძის ახალი მონოგრაფიისა „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მემორანდუმის გაფორმება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელსაც ძალიან განსაკუთრებული მისია გააჩნია და ადგილი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, – აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა მაკა ბერიძემ. – ჩვენ რეგიონალური უმაღლესი სასწავლებლები ვართ, რომელთაც გვჭირდება მთელ რიგ საკითხებში კოორდინირებული მოქმედება და ეს მემორანდუმიც სწორედ ამ მიზნითაა შედგენილი. ძალიან დიდია, ასევე, ბატონი ზურაბის, როგორც გამოჩენილი დიპლომატისა და მეცნიერის დამსახურებაც როგორც ჩვენს შორის მჭიდრო საქმიანი მეგობრული კავშირების დამყარებისა, ასევე იმ მიზიდულობის ცენტრის შექმნაში, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება.

 

– მე მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი უნივერსიტეტისადმი, – თქვა საპასუხო სიტყვაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, – იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის, რაც ამ რეგიონში თქვენს სასწავლებელს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, თქვენ მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგიონალური უნივერსიტეტი არ ხართ, თქვენ თვისობრიობა ხართ, რომელიც სახელმწიფო და ეროვნული იდეებისა და საქმის სადარაჯოზე დგახართ ისეთ მნიშვნელოვან მხარეში, როგორიც სამცხე-ჯავახეთია. აქ ასევე მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა ბატონ მერაბ ბერიძის პიროვნებისადმი, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით საფუძველი ჩაუყარა და მყარ ეროვნულ საძირკველზე დააფუძნა ახალციხის უნივერსიტეტი.

 

რექტორის კაბინეტიდან, სადაც მემორანდუმზე ხელმოწერა გაიმართა, სტუმარ-მასპინძლებმა უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს, სადაც „მშვიდობის ქართული პარადიგმის“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

შესავალ სიტყვაში, პროფესორმა მაკა ბერიძემ მაღალი შეფასება მისცა ბატონი ზურაბის ნაშრომს: ეს არ არის მხოლოდ ერთი წიგნი ერთი კონკრეტული პრობლემისადმი მიძღვნილი. ეს სახელმძღვანელოა, რომლითაც უნდა ისარგებლონ არა მხოლოდ დღევანდელმა თაობამ, ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა, არამედ ეს წიგნი მომავალ თაობაშიც ფასდაუდებელი ძეგლი იქნება იმ ხედვიდან გამომდინარე, რაც ავტორმა განავითარა. ამ ხედვას კი საფუძვლად უდევს წარსული გამოცდილების ღრმა ცოდნა და ანალიზი, თანამედროვეობის გასიგრძეგანება ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

 

პროფესორ მერაბ ბერიძის თქმით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მნიშვნელოვანი იდეის – საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინიცირებით ახალი სამსჯელო საგანი შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში. უნივერსიტეტისა და დიპლომატიის დაკავშირება აქამდე არავის მოფიქრებია და, შესაბამისად, არც ის გაუაზრებია, რამდენად ნაყოფიერი შეიძლება იყოს ეს კოოპერაცია ბევრი ასპექტით: როგორც რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფით, ასევე – კონფლიქტების დარეგულირებით. ეს იდეა, მჯერა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სოხუმში დააბრუნებს და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოიყვანს.

 

– საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეას უკვე კარგად იცნობენ თურქეთში, – აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, ბატონმა როინ ყავრელიშვილმა. – ამიტომ ბატონი ზურაბი ამ შემოდგომაზე მიწვეულია თურქეთის საისტორიო საზოგადოებაში, სადაც დაგეგმილია მისი მოხსენების მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

ასოცირებულმა პროფესორმა დიანა მიქელაძემ ვრცელი რეცენზია მიუძღვნა ბატონი ზურაბის ნაშრომს, რომელშიც აღნიშნულია:

„ნამდვილად მიხარია, რომ ორ უნივერსიტეტს შორის უკვე არსებული თანამშრომლობა და მეგობრობა ოფიციალურად გაფორმდა, დაიდო მემორანდუმი, რაც გაამტკიცებს და გააძლიერებს ჩვენს ერთობლივ კავშირს საერთო მიზნის მისაღწევად. სამცხე-ჯავახეთის რექტორმა, ქალბატონმა მაკამ, გამოხატა კეთილგანწყობა ბატონი ზურაბის წიგნის და თვით პიროვნების მიმართ. არ შემიძლია ვთქვა, რომ სათქმელი აღარ დამრჩა, რადგან როგორც წიგნზე, ასევე მის ავტორზე დაუსრულებლად და სხვადასხვა კუთხით შემიძლია ვისაუბრო.

მინდა მოკლედ შევეხო ბატონი ზურაბის შესანიშნავ ქმნილებას, რომლის უნიკალურობა სათაურშივე იკვეთება, რადგან მშვიდობა და მშვიდობიან გარემოში ცხოვრების სურვილი აერთიანებს მსოფლიოს ყველა დადებითად და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს.

საქართველო მრავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას რათა დამსახურებულად დაიჭიროს ადგილი ევროპულ სივრცეში წამყვანი ქვეყნების გვერდით. ეს გზა არ არის მარტივი. ნებისმიერ სიახლეს ახლავს წინააღმდეგობა, რომელთა გადალახვას, ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას მოყვება კონფლიქტური სიტუაციები.

მონოგრაფიაში საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი, გაბედულად აღწერილი- დანახული, გააზრებული და გაანალიზებული რეალობა, ახალი ხედვა, ახალი სტრატეგიები და საჭირო ქმედებები.

წიგნი არ ეხება ცალსახად მხოლოდ უნივერსიტეტს ან მხოლოდ დიპლომატიას. ის არის საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე, რომელიც ავტორს ესახება, როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის ძირითად საშუალებად.

ევროპულ სივრცეში უკვე არსებობს მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობის, საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ახალი ფორმატი – სამეცნიერო დიპლომატია, რომლის ძირითადი მიზანია საერთაშორისო ურთიერთობებში საერთო პრობლემების მოგვარება.

რაც შეეხება დიპლომატიის ახალ ფორმას – „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“, ეს არის სამშვიდობო პროცესის იმპლემენტაციის რეალისტურ-ინოვაციური მეთოდი.

ბატონი ზურაბის მიერ მრავალგზის ნაფიქრალ, წლების განმავლობაში მიღებულ ცხოვრებისეულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე, დაკვირვებასა და ანალიზზე შექმნილი „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ეყრდნობა „ელიტას“ – უნივერსიტეტის ანუ განათლებას, მის უმაღლესი მწვერვალს – მეცნიერებას და საზოგადოების ყველაზე ჯანსაღ და პრაგმატულად მოაზროვნე ნაწილის – ახალგაზრდობის ძალას ქვეყანაში, განსაკუთრებით კი კონფლიქტურ რეგიონებში, „სამი კომპონენტი თავს იყრის და მშვიდობიანად თანაარსებობს მხოლოდ თავისუფალ, დემოკრატიულ და აკადემიურ საუნივერსიტეტო სივრცეში“ , როგორც ელიტარული, უნივერსალური საგანმანათლებლო კერა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია საზოგადოების წარმატება და ქვეყნის განვითარება, რაც აძლიერებს უნივერსიტეტის მისიას – საგანმანათლებლო ფუნქციის გარდა უნივერსიტეტს ემატება დიპლომატიური ფუნქციაც, რომელმაც უნდა ითამაშოს უდიდესი როლი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში.

I თავში „ქართული საგანმანათლებლო სკოლისა და დიპლომატიის ისტორიიდან“ დეტალურად აღწერილია საგანმანათლებლო სკოლების ფუნქცია. ქრონოლოგიურად მიმოხილულია ძველი საგანმანათლებლო სისტემა III-IV საუკუნეებიდან – ფაზისის აკადემიიდან დაწყებული დღევანდელობამდე.

თვალწინ ცოცხლდება თითოეული საგანმანათლებლო სკოლა, აკადემია თუ უნივერსიტეტი. ფაზისის აკადემია, რომელიც თანამედროვე ფოთის მახლობლად მდებარეობდა და რომლის დანიშნულებაც არა მხოლოდ სწავლება იყო, არამედ იგი ასრულებდა დიპლომატიური ცენტრის ფუნქციასაც, რადგან ფაზისის აკადემიაში სწავლობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი განთქმული ელადიდან ჩამოსული მოსწავლეები, რომლებსაც ხშირად სტუმრობდნენ მშობლები, თანმხლები პირები, რაც ხელს უწყობდა ელადასა და ეგრისს შორის ურთიერთობების დარეგულირებას. ეს უძველესი მოდელი შეიძლება მივიჩნიოთ საუნივერსიტეტო დიპლომატიის პირველ ნიმუშად. ბატონი ზურაბი ქრონოლოგიურად და სიღრმისეულად მიმოიხილავს ოპიზის, ოშკის, შატბერდის, ბერთას, ხანძთის მონასტრებთან არსებულ შენობებს, რომლებსაც, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ექვთიმე თაყაიშვილის დაკვირვებებზე დაყრდნობით, თვლის რომ სკოლებისათვის იყო განკუთვნილი.

თვალწინ ცოცხლდება პეტრე იბერის მიერ პალესტინაში და იერუსალიმში დაარსებული რელიგიურ-ფილოსოფიური ცენტრები, რომლებიც ტოლერანტობის პირველ ნიმუშს წარმოადგენენ.

VIII-XII საუკუნეებში დაარსებული ათონის ივერთა მონასტრის, საბაწმინდის, ლავრის, იერუსალიმის საგანმანათლებლო ცენტრები, იოანე და ექვთიმე ათონელების მოღვაწეობა. ვახტანგ VI-ის საგანმანათლებლო და სამართლის დარგში მოღვაწეობა, ერეკლე მეორის საგანმანათლებლო პოლიტიკა. XIX ს. თერგდალეულთა საქმიანობა, რომლებიც განათლებით დაუპირისპირდნენ რუსეთის იმპერიალიზმს. საუბარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის უდიდესი ღვაწლის შესახებ.

სწორედ განათლება გახლდათ ქართველთა ტრადიციული ბრძოლის მეთოდი, რომელიც ეროვნული ცნობიერების, კულტურული იდენტობის გადარჩენას და აღორძინებას ისახავდა მიზნად.

უნივერსიტეტი დღევანდელ პირობებში იქცა არაფორმალური პოლიტიკის სუბიექტად. ამიტომ ბატონი ზურაბი საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს სწორედ იყოს განსაზღვრული და დანახული, თუ რა ტიპის პრობლემებთან გვაქვს დღეს საქმე. პრობლემები უპირველეს ყოვლისა ასოცირდება კონფლიქტთან, (ისეთი როგორიცაა შიდაეთნიკური, პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური, ეთნოპოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ.)

უნივერსიტეტს არ აქვს უფლება იყოს მაყურებლის როლში და „კარგი დროის დადგომის“ მოლოდინში. უნივერსიტეტს საკმაოდ რთული მისია აკისრია – ცოდნისა და გამოცდილებების გადაცემის გარდა, მან უნდა არსებითად გარდაქმნას და წარმოქმნას ახალი მეცნიერება, ახალი ხედვა, რაც მას დამოუკიდებლად არ შეუძლია და მის გვერდით, ავტორი, საჭიროდ თვლის მეწყვილეს, რომელიც არის დიპლომატია, ურთიერთობების ხელოვნება.

წიგნში ჩამოთვლილი და განმარტებულია დიპლომატიის სხვადასხვა დარგები-პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ტექნოლოგიური, ციფრული, ახალ ფორმებად ჩამოყალიბებული სახელმწიფოთაშორისი, სამეცნიერო, საჯარო, სავაჭრო, სამედიცინო, პუბლიცისტური, სახელოვნებო, ტურისტული, საფეხბურთო დიპლომატიაც კი.

მაგრამ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“, რომელიც ცოდნისა და პოლიტიკის ორგანული შეერთებით აყალიბებს ახალ სახეს. პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით დარეგულირების მომხრე დიპლომატი კონფლიქტების მოგვარების მექანიზმად და ორიგინალურ მიდგომად გვთავაზობს უნივერსიტეტისა და დიპლომატიის ურთიერთშერწყმას. უნივერსიტეტი ინტელექტუალური დამოუკიდებლობის ის კერაა, სადაც აზროვნება ესტაფეტას გადასცემს დიპლომატიას. სწორედ რომ დიპლომატიითაა შესაძლებელი ნეგატიურიდან გადასვლა პოზიტიურზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ისტორიულ და ძირძველ რეგიონებში დაუძლეველ პრობლემად წარმოჩენილი კონფლიქტის დასარეგულირებლად, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობების –სამშვიდობო პოლიტიკის გასატარებლად. სხვა ალტერნატივა ამ პროცესს, გარდა სამშვიდობო მოლაპარაკებისა – არ გააჩნია.

დასახული გეგმა საშუალებას მისცემს ქართველებს და აფხაზებს, განსხვავებების მიუხედავად, ფასეულობათა თავსებადობით დაძლიონ გათიშულობა, კულტურულ მენტალური გაუცხოება და თავი აღიქვან მთავარ ამოცანაზე ორიენტირებულ ერთიან ორგანიზმად. იგი მზადაა დაეხმაროს ქვეყნის ხელისუფლებას ერთიანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებას კი მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

საუნივერსიტეტო დიპლომატიის, როგორც კომუნიკაციის ინოვაციური ფორმის ავტორმა და აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელმა ყველაზე ცოცხალმა ორგანიზმმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაუღო კარი ყველას, ვინც კი დაინტერესებულია კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებით, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რათა მოხდეს შიდა და გარე ძალების მობილიზება ერთი საერთო მიზნის მისაღწევად. კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების კონცეფცია წარმოადგენს არა მხოლოდ ქართული სივრცის ნაწილს, არამედ იგი სცილდება უნივერსიტეტის, ქვეყნის ფარგლებს და იგი განიხილება როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხი.

იმედია ეს წიგნი მრავალ საჭირბოროტო საკითხს, ჩვენში დასმულ პასუხგაუცემელ კითხვას გასცემს პასუხს და დაგვანახვებს სწორ მიმართულებას.

და ბოლოს მინდა დავასრულო ამონარიდით წიგნიდან, რომელსაც ბატონი ზურაბი დასკვნის სახით აყალიბებს:

„შეცდომა იქნებოდა იმ შესაძლებლობის, ახალი რესურსის „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ხელიდან გაშვება, ლოგიკურად რომ ამთლიანებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს აბორიგენ მოსახლეობას, ქართველებსა და აფხაზებს, მათ წარსულს, აწმყოსა და მომავალს“.

მინდა ბატონ ზურას ვუსურვო წარმატება, ამ საკეთილდღეო საქმის განსახორციელებლად საჭირო ენერგია და ამასთანავე მივულოცო მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის მიერ მშვიდობის ელჩად აღიარება.

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ყველა ჩამობრძანებულ სტუმარს ჩვენს ძვირფას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობრძანებისათვის“.

 

ბატონი ზურაბის მიმართ განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება გამოხატა პროფესორმა ვასილ მოსიაშვილმა: სამიოდე წლის წინ, ბატონ ზურაბთან ერთად, გახლდით ანკარაში, სადაც ვიზიტისას ვსაუბრობდით ამ იდეის შესახებ. მას მერეც ხშირად ვფიქრობ და კითხვა მიჩნდება, როცა ასეთი მზა ფორმულა მაგიდაზე გიდევს, უნდა ადგე, ხელში აიღო, გაიაზრო და იმოქმედო. გმადლობთ, ბატონო ზურაბ, თქვენი ღვაწლისათვის!

 

პრეზენტაციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ავტორმა არა ერთ აქტუალურ კითხვასაც ამომწურავი პასუხი გასცა. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რათა ბატონმა ზურაბმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა საგანგებო ლექციები წაუკითხონ მათ აფხაზეთში კონფლიქტის ისტორიისა და დარეგულირების პერსპექტივების გასაანალიზებლად.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმრობამ ახალციხეში ძალიან გულთბილ და კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა.

ფოტო გალერეა