2025 წლის 10–12 ოქტომბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართა საერთაშორისო გამოფენა - „ჯანმრთელობა, განათლება და სპორტი ძლიერი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების პერიოდში“.
სამი დღის განმავლობაში ღონისძიება გახდა პლატფორმა გამოცდილების გაზიარებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში თანამედროვე მიღწევების წარმოსაჩენად.
გამოფენა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ორგანიზებული იყო თურქმენეთის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მრეწველობის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით.
გამოფენაში მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ქალბატონი თეა ჯუღელი.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაგშიგელდი კაკაევის
სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის.
თეა ჯუღელმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ღონისძიებაში, შეხვდა საერთაშორისო დელეგაციების წევრებს, გაეცნო თურქმენეთის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებსა და რექტორებს, სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე და წაიკითხა ლექცია სტუდენტებისთვის.
ვიზიტი ინტენსიური და შედეგიანი იყო, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტს, გააფართოოს საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი და გააძლიეროს საგანმანათლებლო თანამშრომლობა რეგიონულ და გლობალურ დონეზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის თურქმენეთის საელჩოს საქართველოში და პირადად ბატონ ელჩს - დ. სეიტმამმედოვს ვიზიტის ორგანიზებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.