საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის“ ქვეპროგრამის - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ - ფარგლებში, 2026 წლის 13-18 ივნისს, საბერძნეთში, თრაკიის უნივერსიტეტში, შედგა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსის, ქვეპროგრამის კოორდინატორის, პროფესორ ინდირა ძაგანიასა და ფსიქოლოგ ნათია ჭოჭუას სამუშაო ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ, ფსიქოლოგ ევთიმიოს ლამპრიდისთან, ასევე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო მხარდაჭერის ცენტრის წარმომადგენელ ფსიქოლოგებთან - ანა მაკრიდუსა და კონსტანტინოს კონსტანტინიდისთან.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის გაცნობას, მათ შორის ცენტრის სტრუქტურას, მუშაობის ძირითად მიმართულებებსა და სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის პრაქტიკულ მექანიზმებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ასევე ცენტრის კოორდინატორ და სამეცნიერო ხელმძღვანელ მარია სამაკურისთან, ფსიქიატრთან, რომელმაც ბერძენ სტუდენტებში ერთობლივი კვლევის ჩატარების ინიციატივა გამოთქვა. პროფესორ მარია დიმასთან და სტეფანია ამირიდუსთან კი განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
შეხვედრების დროს ქართულმა მხარემ ბერძენ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის - „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ - მიზნების, მნიშვნელობის, აქტუალობისა და პრაქტიკული დანიშნულების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტუდენტთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკითხებზე, საგანმანათლებლო გარემოში ახალგაზრდების მხარდაჭერის მდგრადი მექანიზმების შექმნის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
ფსიქოლოგმა ნათია ჭოჭუამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“. პრეზენტაციაში ასახული იყო პროექტის მიზნები, ძირითადი მიმართულებები, მოსალოდნელი შედეგები და სტუდენტურ აუდიტორიასთან მუშაობის პრაქტიკული მიდგომები.
პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და საფუძვლად დაედო პროფესიულ დისკუსიას ფსიქოლოგიური სირთულეების პრევენციის, სტუდენტთა კონსულტირებისა და ხელსაყრელი საუნივერსიტეტო გარემოს ჩამოყალიბების საკითხებზე.
ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პროფესორ ინდირა ძაგანიასა და Erasmus+-ის პროგრამების დირექტორ ათანასია ბრატიკას შორის გამართული შეხვედრა. საუბრისას ხაზი გაესვა უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, თანამშრომლობა კიდევ სამი წლის განმავლობაში გააგრძელონ, რაც აკადემიური მობილობის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო კავშირების განმტკიცების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
სამუშაო ვიზიტი კონსტრუქციულ, პროფესიულ და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თრაკიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
