სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას უმასპინძლა

2020 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მხარი დაუჭირა და დააფინანსა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული სამეცნიერო ცენტრის მიერ წარდგენილი პროექტი „საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა – აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტი)“, რომლის თანაორგანიზატორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა.

 

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მისი განხორციელება 1 წლით გადაიდო და ის წელს, 26 მაისს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობენ მსმენელები როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. მასში, ასევე, ჩაერთვნენ მსმენელები გალის რაიონიდან.

 

30 მაისს სკოლის გამსვლელი სხდომა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტუმრებს მიესალმა რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტის სახელმწიფოებრივ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას. „მოგესალმებით ჩვენს უნივერსიტეტში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ ჩვეულებრივი უმაღლესი სასწავლებელი არაა, ამას მიანიშნებს აქ დღევანდელი თქვენი სტუმრობა და ისიც, რომ ამ პროექტის იდეის გაჩენისას სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგა ძირითად პარტნიორად. მადლობას გეუბნებით ამ დამოკიდებულებისა და ამ ინიციატივისათვის. თქვენ დაინახეთ ჩვენი უნივერსიტეტის ადგილი როგორც ქართულ სახელმწიფოში, ისე – საგანმანათლებლო სივრცეში. მინდა გითხრათ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ბედის თანაზიარია. ჩვენ, ისევე, როგორც დღევანდელი საქართველო, ორ ნაწილად ვართ გახლეჩილი: ერთი სოხუმშია, მეორე – თბილისში. ამიტომაც ჩვენ ხიდი უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიკისროთ დროებით დანაწევრებული ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, იმ ოკუპირებული ნაწილის დედა-სამშობლოში დაბრუნება. დიახ, ჩვენ ხიდი უნდა ვიყოთ, რადგან ხიდი კავშირია, გამაერთიანებელია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმატებულ მუშაობას გისურვებთ“.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსმენელებს მოხსენებები წაუკითხეს:

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა განათლებისა და კულტურის საკითხებში, ქალბატონმა მანანა ქვაჩახია – „ენობრივი პოლიტიკა საგანმანთლებლო სისტემაში

ოკუპაციის პირობებში (აფხაზეთის მაგალითი)“; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული

ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერი-თანამშრომელმა, ბატონმა გიორგი პატაშურმა – „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული არქიტექტურული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი და მისი მნიშვნელობა“; „ლურჯი ფარის“

საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მანანა თევზაძემ – „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები ჰააგის კონვენციის შესრულების ჭრილში“.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული „სკოლის“ მუშაობის მოდერატორი იყო ისტორიის დოქტორი, პროფესორი თემო ჯოჯუა.

 

ზოგადად კი, 26-30 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სკოლის მსმენელების წინაშე წარსდგნენ მოხსენებებით:

პროფესორი ზურაბ პაპასქირი – „აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა“; „რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში (XX საუკუნე)“;

პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (საქართველო)

ისტორიის ენობრივი ასპექტები“;

ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე – „მულტიკულტურული აფხაზეთი“; „„აფხაზთა სამეფოს“ კულტურა და წერილობითი ძეგლები“; „აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლები“;

ასოცირებული პროფესორი ბეჟან ხორავა – „ცხუმის საერისთავო და აფხაზეთის სამთავრო“; „რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში (XIX საუკუნე)“;

ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა – „სამურზაყანო XVIII-XIX საუკუნეებში“.

ფოტო გალერეა