სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უძრავი ქონების სააგენტოს „ოთი ისთეითი“-ს დირექტორი ბ-ნი ჰანი ჰებაში ეწვია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს შეხვდა უძრავი ქონების სააგენტოს „ოთი ისთეითი“-ს დირექტორი ბ-ნი ჰანი ჰებაში, დირექტორის ასისტენტი ლეილა არაქელიანი და „სტუდენტ ჰაუსი“-ს პროექტის მენეჯერი როზა როხვაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი ლარისა თაკალანძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო თოფურიძე.

 ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „სტუდენტ ჰაუსს“ შორის, რომლის მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა აქტივობები, აგრეთვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის განთავსების შესაძლებლობა სტუდენტ ჰაუსის კამპუსებში.

ბ-ნმა ჰანი ჰებაშმა ისაუბრა უძრავი ქონების სააგენტო „ოთი ისთეით“-ის მიერ მიმდინარე წლის 13 ივლისს ინიციირებულ პროექტზე „სტუდენტ ჰაუსი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პირველი, მრავალფუნქციური სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას თბილისსა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ თბილისში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი შენდება დიდ დიღომში (მშენებლობა დასასრულს უახლოვდება), საბურთალოზე, ვაკეში და გლდანში. სტუმარი შეეხო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს.

პროექტის პრეზენტაციისას უძრავი ქონების სააგენტოს „ოთი ისთეითი“ ბ-ნი ჰანი ჰებაშის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის შეთანხმებული ნაწილი უფასო იქნება,

რექტორი სტუმრებს ესაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, მის განსაკუთრებულ მისიაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას უნივერსიტეტი და განვითარების სამომავლო გეგმებზე.

 შეხვედრის დასასრულს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების სახელით მადლობა გადაუხადა ბ-ნ ჰანი ჰებაშს „სტუდენტ ჰაუსის“ პროექტის ინიციირებისთვის, ხაზი გაუსვა პროექტის აქტუალობას და მნიშვნელობას ზოგადად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის, ასევე სტუდენტებისათვის სწავლის პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის უფასო სტუდენტური საცხოვრებლის შეთავაზებისთვის. უახლოეს მომავალში დაგეგმილია უძრავი ქონების სააგენტო „ოთი ისთეითი“-ს წარმომადგენლების განმეორებითი ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

ფოტო გალერეა