სიახლეები

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი/დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების დაცვის ფორმატის განსაზღვრის შესახებ

სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

10. 06. 2020

დადგენილება  № 05/01 - 617

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი/დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების დაცვის ფორმატის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის  22 მაისის №321 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის  23 მაისის №322 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და უნივერსიტეტის  განათლების მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლისა და დიპლომატიის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტების დეკანების 2020 წლის 8 ივნისის #15/01-401 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დაადგინა:

 

1.     სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი/დამატებითი გამოცდები (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) ჩატარდეს დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით, ონლაინ პლატფორმა Zoom.us, Google drive ან Google forms - ის გამოყენებით;

2.     დასკვნითი გამოცდის ფორმატი განისაზღვროს სასწავლო კურსის ხელმძღვანელის მიერ   -   წერითი, ზეპირი ან კომბინირებული სახით;

3.     გამომცდელმა უზრუნველყოს ჩატარებული გამოცდის მატერიალური/ელექტრონული ფორმით დაარქივება და მოთხოვნისამებრ წარმოდგენა;

4.     დასკვნითი/დამატებითი  გამოცდები ჩატარდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 12 დეკემბრის 05/01-575 დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში (დასკვნითი გამოცდა - 2020 წლის 13 ივლისი - 2020 წლის 25 ივლისი; დამატებითი გამოცდა - 2020 წლის 30 ივლისი - 2020 წლის 8 აგვისტო);

5.     უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები და მოწვეული პერსონალი ვალდებულნი არიან:

ა) ძირითადი გამოცდების პერიოდში სტუდენტების მიერ შესრულებული წერითი ნაშრომები შეაფასონ მიღებიდან 4 (ოთხი) კალენდარული დღის ვადაში და არაუგვიანეს მეხუთე (მე-5) დღისა შეფასების შედეგები წარადგინონ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილ პირთან;

ბ)  დამატებითი გამოცდების პერიოდში შეაფასონ  ნაშრომები მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში და არაუგვიანეს მესამე (მე-3) დღისა შეფასების შედეგები წარადგინონ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილ პირთან.

6.     სტუდენტი უფლებამოსილია გამოცდის შედეგის უნივერსიტეტის სასწავლო პლათფორმა -     stud-lab-ში გამოქვეყნებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში მოითხოვოს ნაშრომის გაცნობა, გაასაჩივროს გამოცდის შედეგი წერილობითი სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით;

7.     აპელაციის შემთხვევაში ფაკულტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს სააპელაციო საგანში კომისიის შექმნა არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით; სააპელაციო კომისიამ წერილობითი ნაშრომის ან/და ზეპირი გამოცდის ჩანაწერის მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს აპელაციის დასკვნის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისადმი;

8.     იმ სტუდენტებისათვის, რომელთათვისაც დასკვნითი გამოცდის ჩაბარების დისტანციური ფორმა ხელმისაწვდომი არ არის, უნივერსიტეტმა უზრუნველყოს გამოცდების ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში, წინამდებარე დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში, მათთვის  შედგენილი საგამოცდო ცხრილის შესაბამისად;  აღნიშნულ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია განცხადებით მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს არაუგვიანეს 2020 წლის 22 ივნისისა;

9.     წინამდებარე დებულების მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოცდები ჩატარდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით გათვალისწინებული რეკომენდაციებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად;

10.  2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების დაცვა განხორციელდეს დისტანციურად სსუ-ში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადებში;

11.  წინამდებარე დადგენილების გამოქვეყნება დაევალოს:

ა) ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას (საინფორმაციო დაფებზე) - უნივერსიტეტის    კანცელარიას;

ბ) უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და   მედიასთან ურთიერთობის სამსახურს.

 

12.  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

 

13.  დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, (მისამართი - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ან სოხუმის და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში (მისამართი - ქ. თბილისი, პეკინის ქუჩა №29 ბულაჩაურის ქუჩა  №7ა).

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

რექტორი                                                                                                         /ზურაბ ხონელიძე/

ფოტო გალერეა