სიახლეები

სსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

2020 წ. 28 და 29 თებერვალს თბილისში, „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში მეათედ გაიმართა განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელზედაც, ასევე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სსუ-მა გამოფენაზე ჩვენს მკვლევართა მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე მეცნიერების სხვადასხვა დარგში (ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სამართალი, ეკონომიკა, პედაგოგიკა) შექმნილი ნაშრომების (გამოქვეყნებული როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ) პრეზენტაცია მოახდინა.

ჩვენი სტენდის, რომლის მასპინძელიც რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე გახლდათ, სტუმართათვის საინტერესო სამეცნიერო შოუ წარმოადგინეს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფარმაციის მიმართულების პროფესორებმა და სტუდენტებმა. აღსანიშნავია, რომ ამ ჩვენებებით განსაკუთრებით დაინტერესდა და აღფრთოვანდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ხონელიძესთან ერთად ტორტი გაჭრა და სსუ-ს სტუდენტებსაც გაესაუბრა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ ბატონ მინისტრს, უნივერსიტეტის სახელით,  სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდს სტუმრები არ აკლდა როგორც აბიტურიენტების, ასევე – სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მობილობის მსურველების სახით, ხოლო ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მათ მრავალრიცხოვან შეკითხვებზე კვალიფიცირებული და ამომწურავი პასუხები გააჩნდათ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან. 

ფოტო გალერეა