სიახლეები

სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა კონფერენცია გაიმართა


2026 წლის 1 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის გახსნის სხდომა ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა რომეო გალდავამ და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ლია ახალაძემ. მათ ყურადღება გაამახვილეს სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერასა და უნივერსიტეტში აკადემიური კულტურის გაძლიერების აუცილებლობაზე.

კონფერენციის გახსნით სხდომაზე პლენარული მოხსენებებით სხვადასხვა მიმართულების ოთხი სტუდენტი გამოვიდა. სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები, იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე და აუდიტორიას საკუთარი აკადემიური ხედვები გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ფაკულტეტის საზღვრებს გასცდა. მასში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორი სადოქტორო და სამი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმაც. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მსგავსი თანამშრომლობა უკვე ტრადიციად იქცა და სტუდენტთა სამეცნიერო-აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

საკონფერენციო დღეები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. კონფერენციაში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის 55 სტუდენტი მონაწილეობდა. მუშაობა წარიმართა რამდენიმე სექციაში, მათ შორის ქართული ლიტერატურის, ქართული ენის, ისტორიის, ინგლისური ფილოლოგიისა და ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებებით. სექციების მოდერატორები შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები იყვნენ.

კონფერენციამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საკუთარი კვლევითი მიგნებები, ჩართულიყვნენ სამეცნიერო დისკურსში, გამოემუშავებინათ ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, პოლემიკისა და საჯარო გამოსვლის უნარები. მონაწილეებმა ასევე შეაფასეს ერთმანეთის ნაშრომები, დასვეს კითხვები და მიიღეს აკადემიური უკუკავშირი.

სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია წარმატებით დასრულდა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უნივერსიტეტში სტუდენტური კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის არსებული მნიშვნელოვანი აკადემიური გარემო.

ფოტო გალერეა