სიახლეები

სსუ ქართული ფილოლოგიის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ონლაინ-დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა

ბოლო პერიოდში ლექციებზე არაერთხელ გვისაუბრია ედუარდ ვადი საიდის ცნობილ წიგნზე – „ორიენტალიზმი“, რომელიც საფუძვლად დაედო ტრავმული მეხსიერებისა და პოსტკოლონიურ კვლევებს ლიტერატურაში. მსგავს თემებზე ქართველი მეცნიერებიც მუშაობენ, იწერება  დისერტაციები, მათ შორის სოხუმის უნივერისტეტშიც. ამ ჭრილშიც საინტერესოა ნინო ხარატიშვილის ბოლო რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, რომელიც „ინტელექტმა“ გამოსცა (ქართულად თარგმნა ნინო ბურდულმა).

 ეს არის ერთი ოჯახის რამდენიმე თაობის ისტორია, რომელიც გადაწნულია ეპოქის ქარტეხილებთან. ემილ ზოლას რუგონ-მაკარების, თომას მანის ბუდენბროკების, გოლზუორთის ფორსაიტების, ოთარ ჭილაძის მაკაბელების მსგავსად, მწერალმა ქალმა ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის საგა დაგვიხატა.  მოქმედება 1900-იან წლებში იწყება და 2006 წელს, ბერლინის კედლის დანგრევით სრულდება. წიგნში მთელი მეოცე საუკუნეა დახატული: „ამ სტრიქონებს ვუმადლი იმ საუკუნეს, რომელმაც ყველა მოატყუა და ყველას უღალატა, ვისაც იმედი ჰქონდა“, ვკითხულობთ რომანში. სტუდენტებთან ერთად მწერლის თხრობის მანერაზე, კომპოზიციის აგების უნარზე, პერსონაჟთა ხატვის ხერხებზე სასაუბროდ ვემზადებოდით.

 NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია მწერალსა და დრამატურგ ნინო ხარატიშვილთან, ის გერმანიაში ცხოვრობს და გერმანულ ენაზე წერს. ცნობილია არა მხოლოდ ლიტერატურულ წრეებში, არამედ მკითხველთა შორისაც! საერთაშორისო ბუკერების სიებში ხვდება, ერთი სიტყვით, ყველაზე პოპულარული ქართველია წარმატებულ ევროპულ ქვეყანაში!

 მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ეს არ იყო ლიტერატურაზე გამართული დისკუსია, მწერალს არ უსაუბრია თავის ბოლო რომანზემერვე სიცოცხლე (ბრილკას)“. დისკუსია შეეხო ევროპისა და საქართველოს მენტალურ და კულტურულ მსგავსებებსა და განსხვავებებს. საუბრობდა მშვიდად, თავმდაბლად, უშუალოდ, გულწრფელად, ყოველგვარი ეგოცენტრულობისა და ამპარტავნების გარეშე, თავის თავში და ფიქრებში დარწმუნებული. საუბრობდა იმაზე, რაზეც თითოეულ ჩვენგანს გვიფიქრია და მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურას თითქმის არ შეხებია, დრომ უსწრაფესად გაირბინა!

 ხშირად უნდა დავსათ კითხვები, საკუთარი ინიციატივით შევცვალოთ ძველი და დრომოჭმული, ნაკლებად გავუწიოთ ანგარიში სხვის აზრს ჩვენზე, ვიყოთ უფრო აქტიურები და ჩვენი უმოქმედობით არ შევუწყოთ ხელი სტაგნაციას, თუ არ შევიყვარებთ, ვიგუოთ მაინც უცხო ასეთი იყო ამ შეხვედრის მთავარი კონცეპტები!

ნინო ხარატიშვილის მკითხველებმა იციან, როგორ პერსონაჟ ქალებს ხატავს ის, როგორ იცის ქალის ფსიქოლოგია, ტკივილ-სიხარული, ეს განწყობა ონლაინშეხვედრაზეც მკაფიოდ იგრძნობოდა.

 ნინო ხარატიშვილის მსგავსი ადამიანები მაფიქრებინებენ, რომ აღმოსავლეთი კი არა, შუაგული ევროპა ვართ და ოდესმე მაინც დავბრუნდებით ჩვენსავე წიაღში, ანუ ევროპის გულში!

 დიდი მადლობა ჩემს სტუდენტებს: თინათინ კოტრიკაძეს, მარიამ ჩხაიძე, ნინო გოგნაძეს, გვანცა სხულუხიას და თამარ ჯანიაშვილს, რომლებიც სიამოვნებით ჩაერთნენ და რომლებიც, იმედი მაქვს, არაერთ წერილს თუ გამოკვლევას დაწერენ მწერალზე, რომელიც, საბედნიეროდ, ისეთივე ადამიანი აღმოჩნდა, როგორც მისი ტექსტები: გახსნილი, საინტერესო, ამოუწურავი, სადა და გასაგები!

 

მარინა ტურავა,

ასოცირებული პროფესორი

ფოტო გალერეა