სიახლეები

სსუ-ს ფიზიკის მიმართულების დოქტორანტის წარმატება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების დოქტორანტმა თორნიკე ქიმერიძემ გაიმარჯვა ახალგაზრდა მეცნიერთათვის  გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (ISTC) დაარსების 25- წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

კონკურსი მიზნად ისახავდა იმ ახალგაზრდა მეცნიერების, მკვლევარებისა და ინჟინერთა გამოვლენას, რომლებიც განახორციელებენ კვლევებს მსოფლიო და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში: მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა (WMD); ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) მასალებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის კონტროლიტექნოლოგიებისა და ინფორმაციის უსაფრთხოება.

თორნიკე კონკურსზე წარსდგა თემით: „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება; ორმაგი დანიშნულების მასალისა და იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა“. ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხების კვალიფიციური და ღრმა ანალიზის, პრობლემის გადაჭრის მეთოდების მისეული ხედვა, ძალზედ საინტერესო ინოვაცია იყო.

საბოლოოდ, სსუ-ს დოქტორანტმა საპრიზო მე-3 ადგილი დაიჭირა. კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერი, იაპონიის მთავრობამ, დამატებითი ჯილდოს სახით, იაპონიაში სამეცნიერო ვიზიტით მიიწვია.

წლების განმავლობაში თორნიკე მონაწილეობდა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებში: ციურიხის უნივერსიტეტი, პოლ შერერის ინსტიტუტი, შვეიცარია, გერმანია, ბულგარეთი, უნგრეთი, ავსტრია. სამეცნიერო კვლევებისთვის მიღებული აქვს როგორც ქართული, ისე უცხოური გრანტები.

შვეიცარიის მთავრობის გრანტით, პოლ შერერის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თორნიკე მიწვეული იყო  სამაგისტრო ნაშრომის შესასრულებლად, რომელიც  ნობელის პრემიის ლაურეატის პროფესორ კარლ ალექსანდრე მიულერის ხელმძღვანელობით დაწერა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დოქტორანტი . ქიმერიძე სოხუმის ლია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. ის ამჟამად მუშაობს უნივერსიტეტისა და ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე. ბატონი თორნიკეს სადისერტაციო კვლევის თემაა: „რადიაციული დეფექტების გავლენა SiGe შენადნობების ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე“.

. ქიმერიძე  სამედიცინო ფიზიკის მიმართულებითაც მუშაობს, როგორც რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ის ონკოპაციენტებში აკეთებს  დაგეგმარებას დაბალი დოზის სიმძლავრის ბრაქითერაპიაში და ექიმებთან და რადიოლოგებთან ერთად ოპერაციებში მონაწილეობს.  თორნიკე არის ტრენერი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, ლექციებს უკითხავს ექიმ-რადიოლოგებს რენტგენო-ლაბორანტებს, ოპერატორებს, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს. გადამზადებული ჰყავს არაერთი ცნობილი სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.

2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან სსუ- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე თორნიკე ქიმერიძე სტუდენტებისთვის წაიკითხავს სალექციო კურსს: „გარემოს რადიაციული კონტროლი და დოზიმეტრია“.

 

ფოტო გალერეა