სიახლეები

ტრენინგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის

2021 წლის 25 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი ტრენინგი: სექსუალური შევიწროების პრევენცია: ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და საუნივერსიტეტო პოლიტიკა. ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და ასოცირებული პროფესორი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიატორი – ნათია ჩიტაშვილი. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი“-ს (PROLoG) მიერ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა ტრენინგის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ასეთი ხასიათის ტრენინგები ძალზედ მნიშვნელოვანია ამ პრობლემებისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.

2020 წლის 4 ნოემბრიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებდა ღონისძიებებს სექსუალური შევიწროების პრევენციის და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სფეროში აკადემიური საზოგადოების გაერთიანებისა და ერთობლივი საქმიანობის მხარდაჭერისთვის, მიმდინარეობდა მუშაობა (შეხვედრები, ტრენინგები) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა იურიდიული სამსახურის უფროსი, ქალბატონი სოფიო გვარამია.  

შეხვედრების შედეგად შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  ასამოქმედებელ ნორმათა პროექტები, რის საფუძველზეც რიგ უმაღლეს სასწავლებელში  განხორციელდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაცია.

ამ მიმართულებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულ იქნა სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივრის წარდგენის წესი და განხილვის პირობები“. 

ფოტო გალერეა