სიახლეები

უცნობი ნაპოლეონ ბონაპარტე

ასე შეიძლება ეწოდოს იმ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მოჰყვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ქართველი ისტორიკოსმა ბატონმა ალექსანდრე მიქაბერიძის მიერ 2020 წლის 7 მაისს გამართულ უაღრესად საინტერესო online-შეხვედრას სსუ-ს ისტორიკოს და ისტორიით დაინტერესებულ სტუდენტებთან თემით: „საუბრები ნაპოლეონ ბონაპარტეს შესახებ“.

 

ბატონმა ალექსანდრემ ამომწურავად და ვრცლად ისაუბრა (დათქმული 1 საათნის ნაცვლად, შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა) ნაპოლეონის პიროვნების, მისი მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტებზე. აუდიტორიას გააცნო დასავლური ისტორიოგრაფიის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. მან ხაზი გაუსვა, რომ ნაპოლეონზე საუბრისას მთავარია ერთმანეთს გაემიჯნოს მითი და ისტორიული რეალობა (რაც ხშირ შემთხვევაში არც ისე ადვილია), რათა დავინახოთ ნაპოლეონი ზუსტად ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში იყო.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სსუ-ს პროფესორები ლია ახალაძე და ომარ არდაშელია, დოქტორანტები – ლევან სამსონია (რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მასწავლებელი), ირაკლი ნოდია (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მასწავლებელი), გიორგი ლორია (სსუ), დავით მახათაძე (სსუ) და სსუ-ს ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტები.

 

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და აღნიშნულ თამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ლ. ახალაძე, ო. არდაშელიამ, ლ. სამსონიამ, დ. მახათაძემ, ი. ნოდიამ და სტუდენტებმა: სალომე გოგიამ, ალინა სიჭინავამ, საბა ჟღენტმა, ირაკლი კიტიამ.

 

ალექსანდრე მიქაბერიძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ისტორიკოსი, ნაპოლეონოლოგი, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. კითხულობს ლექციებს ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაზე. არის ბრიტანეთის სამეფო ისტორიული საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, რევოლუციურ ეპოქის საერთაშორისო კონსორციუმის, რომელიც აშშ- 20-ზე მეტს უნივერსიტეტს აერთიანებს, დირექტორთა საბჭოს წევრი და სამეცნიერო გამოცემის მთავარი რედაქტორი. გამოცემული აქვს რამდენიმე ათეული სტატია და ოცზე მეტი წიგნი. მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სამხედრო აკადემიის ვესტ პოინტის ახალი სამხედრო სახელმძღვანელოს შედგენაში. წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოსცა მისი ფუნდამენტური ნაშრომი ნაპოლეონის ომების გლობალურ ისტორიაზე, რომელსაც კარგი გამოხმაურება მოყვა და ამჟამად ითარგმნება ფრანგულ, ესპანურ, პოლონურ, ჩინურ, კორეულ და სხვა ენებზე. ხელმძღვანელობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ პროექტს ნაპოლეონის ომებზე (The Cambridge History of the Napoleonic Wars). 

 

აღნიშნული შეხვედრით დასაბამი მიეცა სერიას „საისტორიო საუბრები“, რომლის ფარგლებში მოწვეული მეცნიერები და სსუ-ს ისტორიკოსები სტუდენტთათვის საინტერესო სხვადასხვა თემებზე საჯარო ლექციებს ან საუბრებს გამართავენ.

ფოტო გალერეა