სიახლეები

ყაზახი სტუმრები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022 წ. 10 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ჟაზირა მირზაკასიმოვა, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

შეხვედრა სსუ-ში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით მოწყობილ ყაზახური კულტურის აუდიტორიაში გაიმართა.

ეს იყო მეგობრული ვიზიტი, რომელზეც საუბარი შეეხო ყაზახეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობას, ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის განვითარებისთვის ხელშეწყობას, ყაზახეთის საელჩოს განსაკუთრებით მეგობრულ დამოკიდებულებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

– მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიმყოფებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენს რესპუბლიკაში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები და ჩვენ გეპატიჟებით განახლებულ ყაზახეთში. გვჯერა, რომ ეს ცვლილებები დადებითად იმოქმედებს ყველა მეგობრულ თუ პარტნიორულ ურთიერთობაზე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იქნება უმაღლესი განათლების სფეროში, ვისთანაც ყაზახეთის არაერთ უნივერსიტეტს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა, – განაცხადა ქალბატონმა ჟაზირა მირზაკასიმოვამ.

ვიზიტის ფარგლებში ნაჩვენები იყო ახლადგადაღებული დოკუმენტური ფილმი ყაზახეთში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ტრანსფორმაციის შესახებ, რომელიც დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ექსპერტებმა.

– მივესალმებით ამ საკეთილდღეო ცვლილებებს მოძმე ყაზახეთის რესპუბლიკაში და გვჯერა, რომ ეს ცვლილებები ყაზახი ხალხის ცხოვრებას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს შორის დიდი ხანია ჩამოყალიბებულია მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა და იმედი გვაქვს, რომ ეს მეგობრობა ახალი ელჩის საქართველოში მოვლინების შემდეგაც გაგრძელდება, – განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ ისაუბრა ყაზახეთის საელჩოსთან ერთობლივ პროექტებზე და შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო „ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის“ დირექტორი, ბატონი ბადრი ნაჭყებია, რომელმაც აღნიშნა:

– ამ სასიკეთო ცვლილებების ფონზე, რომელიც ყაზახეთში მიმდინარეობს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ყაზახეთის საელჩოს აქვთ გამოცდილების გაცვლის შესანიშნავი შესაძლებლობა, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა თუ სტუდენტების გაცვლით პროგრამაში ჩართვით.

ყაზახეთის დიპლომატიური მისიამ იმთავითვე სრულად გაიზიარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ ინიცირებულ საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეა, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა.

 

ფოტო გალერეა