სიახლეები

ზურაბ ხონელიძის მიმართვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიისადმი

საქართველოს მთელი ისტორია იმის დასტურია, რომ ჩვენი სამშობლო ბევრჯერ  გამხდარა ორმხრივი დარტყმის სამიზნე, განსაკუთრებით ძნელბედობის ჟამს. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში წერდა გრიგოლ რობაქიძე: „საქართველო  ქანაობს საქანელაზე, მაგრამ საქანელა უფსკრულზეა გამართული და ადვილი შესაძლოა საქანელა სახრჩობელად გადაიქცეს“. ამგვარი ვითარების ასარიდებლად ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობაა აუცილებელი!


მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, შექმნილი რთული ვითარება,  თითოეული ჩვენგანისაგან უდიდეს ყურადღებას, თანადგომასა და ემპათიას მოითხოვს.  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და განათლების მეცნიერებათა აკადემია ვალდებულია იზრუნოს მის სტუდენტებზე, თანამშრომლებზე (პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაცია) და წევრებზე განურჩევლად. ჩვენ, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების თანახმად, ვაგრძელებთ დისტანციურ რეჟიმში მუშაობას და სასწავლო პროცესს. ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით უშუალოდ უნივერსიტეტისა (დამატებითი ინფორმაციები იხილეთ ამ ბმულზე: https://www.sou.edu.ge/news/axali-koronavirusis-infeqciis-(COVID-19)-SesaZlo-gavrcelebis-prevenciisTvis/377) და აკადემიის ხელმძღვანელობას (http://www.sgma.ge/).


მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვართ თქვენს პასუხისმგებლობასა და კანონმორჩილებაში, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ზუსტად დაიცვათ მთავრობისა და ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რადგან მათი შესრულება პირადად თქვენი, თქვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების, მთელი საზოგადოების ჯანმრთელობის საწინდარია. 

დღეს ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და მეცნიერების ჯანმრთელობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის.


გისურვებთ, პირველ რიგში, სულიერ და ფიზიკურ  სიმშვიდეს, წარმატებებს პირად ცხოვრებაში, საზოგადოებრივ და სამეცნიერო საქმიანობაში.


მჯერა, ამ დიდ გამოწვევასაც ერთიანობით, თანადგომითა და მაღალი თვითშეგნებით დავამარცხებთ.


პატივისცემით,

ზურაბ ხონელიძე,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,

პროფესორი.



ფოტო გალერეა