სიახლეები

„ადენაუერის ფონდის“ წარმომადგენელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ესტუმრა

2023 წლის 27 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორ ბატონ ზურაბ ხონელიძესა და „ადენაუერის ფონდის“ რეგიონული პროგრამის – „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ ხელმძღვანელ ბატონ შტეფან მალერიუსს შორის.

მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური დიალოგის შესაძლო ფორმატებზე და ამ პროცესში როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ზოგადად უნივერსიტეტების მისიაზე. ბატონმა ზურაბ ხონელიძემ სტუმარს გააცნო უნივერსიტეტის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისაუბრა იმ ახალ როლსა და მისიაზე, რომელიც უნივერსიტეტს შეუძლია შეასრულოს, კონფლიქტის, როგორც საზოგადოებრივი მოვლენის ანალიზისა და მისი დარეგულირების გზების ძიების პროცესში. რექტორის განმარტებით, უნივერსიტეტი წარმოადგენს იმ უნიკალურ სივრცეს, სადაც აკადემიურ გარემოში, საუნივერსიტეტო დიპლომატიის ფორმატში, შესაძლებელია მრავალმხრივი დიალოგისათვის საჭირო სივრცის ორგანიზება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სამეცნიერო და აკადემიური რესურსების გამოყენებით, ვიმსჯელოთ მშვიდობიანი თანაარსებობისათვის საჭირო სივრცის ორგანიზების შესაძლებლობების მოძიებაზე და მათი რეალიზაციისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე.

ბატონი შტეფან მალერიუსი, როგორც რეგიონული პროგრამის – „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ ფონდის ხელმძღვანელი, დაინტერესდა ამ ახალი შესაძლებლობებით და გამოთქვა სურვილი აქტიურად ჩაერთოს საუნივერსიტეტო დიპლომატიის ფორმატში ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში. ის იმედოვნებს, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნას სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებზე დიალოგის წარმართვისთვის საჭირო სამეცნიერო-დიპლომატიური ფორმატი, შესაძლებლობების ახალი სივრცე და რეგიონში მშვიდობიანი თანაარსებობის გააზრების უნიკალური შესაძლებლობა.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ უახლოეს მომავალში გამართონ შემდგომი საქმიანი შეხვედრები, რაც შექმნის კონკრეტული მრავალმხრივი პროექტების განხორციელების რეალურ შესაძლებლობას.

 

დავით ზაქარაია,

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი

ფოტო გალერეა