სიახლეები

„ინოვაციური იდეების ლაბორატორია“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2021 წლის 17 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ბულგარეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, ქალბატონმა დესისლავა ივანოვამ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი „ინოვაციური იდეების ლაბორატორია“ გახსნა.

2020 წელს ბულგარეთის განვითარების დახმარების პროგრამამ დააფინანსა საქართველოში ბულგარეთის საელჩოს კონკურსში გამარჯვებული პროექტი „ინოვაციური იდეების ლაბორატორია“, რომელიც წარადგინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურმა (უფროსი – პროფესორი ინდირა ძაგანია).

ლაბორატორიის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას სივრცე, სადაც მათთვის ჩატარდება ტრენინგები, ვორქშოფები. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე და  ისინი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქართულ-ბულგარული ურთიერთობების გაღრმავებას, ბულგარეთის ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში და ბულგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავშირების გაძლიერებას.

ბულგარეთის ელჩსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმრებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი, ბულგარეთის საელჩოსა და საქართველოში ბულგარეთის დიასპორის წარმომადგენლები.

 

ფოტო გალერეა