სიახლეები

„მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პოლონელ სამეცნიერო საზოგადოებას წარედგინა

2022 წლის 12 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გელა ცაავა ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. კალისიის უნივერსიტეტში (ქ. კალიში, პოლონეთის რესპუბლიკა) სტუმრობის საფუძველი იყო „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ინოვაციურ კონცეფციასთან დაკავშირებით მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ წარდგენა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგრანტო პროექტის (Erasmus +) სასწავლო მობილობის ფარგლებში ვიზიტის განხორციელება არის გამოცდილების გაცვლისა და არსებული თანამშრომლობის გაფართოების გაანალიზების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, სამეცნიერო კვლევის სფეროსაც მოიცავს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა კალისიის უნივერსიტეტის რექტორ, მედიცინის დოქტორ ანდრეი ვოიტილასთან, ვიცე-რექტორ დოქტორ ტატიანა მანასტერსკასთან და უნივერსიტეტის პროფესორებთან.

პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ დამსწრე საზოგადოების წინაშე აქცენტები გააკეთა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ („მშვიდობის ქართული პარადიგმა“) შესახებ, სადაც ისაუბრა როგორც ამ კონცეფციის შექმნის იდეასა და მიზნებზე, ამასთანავე, მისი განხორციელების პერსპექტივებზე, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოების ეთნიკური თუ პოლიტიკური კონფლიქტების გადაჭრასა და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველყოფას. მოხსენების მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ ზემოხსენებული იდეით დაინტერესდნენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნები და უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სპეციალური სალექციო კურსებიც შეიქმნება.

პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა კონცეფციამ ისრაელის, ევროპის რეგიონის რამდენიმე სახელმწიფოსა და თურქეთის აკადემიურ წრეებში გამოიწვია დიდი ინტერესი. მეტიც, მონოგრაფიული ნაშრომი ითარგმნა ბულგარულ ენაზე. უახლოეს მომავალში გამოიცემა პოლონურ, იტალიურ და თურქულ ენებზე. კალისიის უნივერსიტეტში შეხვედრისას ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ  სამეცნიერო ნაშრომმა, „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფციამ აკადემიურ საზოგადოებაზე შთაბეჭდილება მოახდინა. კალისიის უნივერსიტეტის რექტორმა ანდრეი ვოიტილამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ძალიან საინტერესოა წარმოდგენილი კონცეფცია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ, რომელიც საუნივერსიტეტო გარემომ უნდა განავითაროს და განახორციელოს.

მასპინძელმა მხარემ სრულად გაიზიარა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფციის ძირითადი მნიშვნელობა – მშვიდობის სწავლებისა და ახალი პოლიტიკური სივრცის შექმნის აუცილებლობა. მათივე მოსაზრებით, წარმოდგენილი იდეა საინტერესოა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის არსებულ მიდგომას კონფლიქტების დარეგულირების დღემდე არსებულ მოსაზრებებში. დოქტორ ვოიტილას მოსაზრებით, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ყოველთვის არ ეყრდნობიან მეცნიერული კვლევების შედეგებს, რადგან ისინი მოღვაწეობის ოთხწლიანი ვადისა და შემდგომი არჩევნების პრიზმაში უყურებენ მოვლენებს. შეხვედრისას ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაცვალეს გამოცდილება, ერთმანეთს გაუზიარეს ინოვაციური იდეები. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა განვითარდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის.

პროფესორ ზურაბ ხონელიძესა და ასოცირებულ პროფესორ გელა ცაავას რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდათ საშუალება, ყურადღებით დაეთვალიერებინათ კალისიის უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერების სამუშაო გარემო-პირობები. მათ მოინახულეს უნივერსიტეტის პოლიტექნიკური, მედიცინისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები და სიმულაციური ცენტრები. კალისიის უნივერსიტეტის რექტორმა ანდრეი ვოიტილამ პროფესორი ზურაბ ხონელიძე პირადად მიიწვია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, („ოჯახის ჯანმრთელობა საომარ და საგანგებო სიტუაციებში“), რომელიც ჩატარდება ზემოხსენებულ უნივერსიტეტში 2023 წლის მაისში.

ფოტო გალერეა