სიახლეები

„ქართულ-ბულგარული ორმხრივი ურთიერთობების განვითარება - სამენოვანი ალბომის“ პრეზენტაცია

7 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინოვაციური იდეების ლაბორატორიაში - ბულგარული დარბაზი“ გაიმართა ალბომის - „ქართულ-ბულგარული ორმხრივი ურთიერთობების განვითარება“ წარდგენა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოში ბულგარეთის ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი ვესელინ ვალკანოვი თანმხლები პირებითურთ, სსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები, ბულგარული დიასპორის წევრები, დაინტერესებული პირები.

სამენოვანი (ქართული, ბულგარული და ინგლისური), ფერადი და მოცულობითი ალბომი გამომცემლობა „უნივერსალმა“ დაბეჭდა და მასზე სსუ საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა სსუ-ში ბულგარული ენისა და კულტურის მასწავლებელთან და ჩვენი უნივერსიტეტის დიდ მეგობართან, ქალბატონ ივანა კოლევასთან ერთად.

სწორედ ამ დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია უძღვებოდა ალბომის პრეზენტაციას.

- ბულგარელებთან ჩვენი ინტენსიური ურთიერთობა დაიწყო ექვსი წლის წინ. თავდაპირველად ეს ლამაზი დარბაზი გავხსენით, შემდეგ ორმხრივი კომუნიკაციებიც დავამყარეთ. შევეცადეთ, ამ ალბომში თავი მოგვეყარა ყველაფრისთვის, რაც ქართულ-ბულგარულ კავშირებს ასახავს. ქვეყნის მასშტაბით, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, პირად არქივებში, ასევე ინტერნეტ-ქსელში მაქსიმალური მასალა მოვიძიეთ. აქვე ავსახეთ ჩვენი უძვირფასესი ურთიერთობებიც. ალბომი იწყება საქართველოსა და ბულგარეთის ისტორიით. მკითხველი თავად დარწმუნდება, რომ ჩვენს ხალხებს უამრავი საერთო აქვთ. მაგრამ ეს არა მხოლოდ ისტორიის, არამედ თანამედროვეობის ამსახველი ალბომია, რომელშიც თავისი ჯეროვანი ადგილი უჭირავს სამეცნიერო, შემოქმედებით, მთარგმნელობით საქმიანობას, ხელოვნებას, - თქვა ქალბატონმა ინდირამ, შემდეგ ბულგარულ ენაზე მიესალმა სტუმრებს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

- მიხარია, რომ უამრავი მასალა იქნა მოძიებული და ჩვენი ურთიერთობები ქაღალდზე გადმოვიდა. საელჩოს სახელით, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ლამაზ ალბომზე იმუშავა. ეს პოზიტიური წიგნია ჩვენი სამომავლო ურთიერთობების გზაზე, - აღნიშნა ბულგარეთის ელმა საქართველოში, ბატონმა ვესელინ ვალკანოვმა.

- ქართველთა და ბულგარელთა შორის უდიდესი სიახლოვეა როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე რელიგიური, სულიერი თვალსაზრისით. ორჯერ გახლდით ბულგარეთში, კონფერენციაზე და იმას გიზიარებთ, რაც თავად შევიგრძენი. ეს ცივილიზაციური ერთობაა. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ბულგარეთი და ის ადამიანური ურთიერთობები, რაც ჩვენ შორის არსებობს! - თქვა დეკანოზმა, მამა გიორგი ხარაზიშვილმა.

პაისიი ქილენდარელის სახელობის პლოვდივის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა ტემენუჟკა იოვჩევამ რექტორის რუმენ მლადენოვის მადლობა გადასცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის ხელმძღვანელობას და სსუ-ის რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე, ელჩი ვესელინ ვალკანოვი, პროფესორი ინდირა ძაგანია და ქალბატონი ივანა პეტკოვა სათანადო სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართულ-ბულგარული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს: სოფიის ახალი ბულგარული უნივერსიტეტის პრორექტორმა გიორგი გოჩევმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა ლუბა ბიბილეიშვილმა, სსუ აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ლალი გაბისონიამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა ტურავამ, სსუ-ში ბულგარული ენისა და კულტურის მასწავლებელმა ივანა კოლევამ.

დასასრულ, ქალბატონმა ინდირა ძაგანიამ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ, უნივერსიტეტის სტუმრებს, ყველას, ვინც ქართულ-ბულგარული ალბომის გამოცემა უზრუნველყო და ვინც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობათა გაღრმავებაზე ზრუნავს. 

                                                                                                                                                                                                                                                          რობერტ მესხი

ფოტო გალერეა