სიახლეები

„უკრაინის ომის ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების შედეგები სამხრეთ კავკასიისთვის“

2022 წლის 24 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „სამშვიდობო განათლების ცენტრისა“ და ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის (აშშ) ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ-კონფერენცია „უკრაინის ომის ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების შედეგები სამხრეთ კავკასიისთვის“.

 

აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია; პარლამენტის ყოფილი წევრი, ბატონი პეტრე მამრაძე; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი მალხაზ კაკაბაძე; საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (აშშ) სამეცნიერო მიმართულების დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მაია ოთარაშვილი; ტაფტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი ჯეფრი ტალიაფერო.

 

მომხსენებლებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის ზემოქმედება საქართველოზე, აზერბაიჯანზე, სომხეთსა და ადგილობრივ კონფლიქტებზე. ამ კონტექსტში აღინიშნა რექტორ ზ. ხონელიძის ნოვატორულ იდეათა, რომელიც გულისხმობს დიპლომატიისა და აკადემიური სივრცის სინერგიას, პოზიტიური მნიშვნელობა რეგიონალურ კონფლიქტთა დარეგულირებისა და რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის მშენებლობისათვის.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. ბატონი ზურაბის მოხსენებაში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული:

 

„კოვიდ-ვირუსის პანდემიამ, შემდგომ ომმა, უკრაინის ტრაგიკულმა პროცესებმა, იდეოლოგიზირებულმა პოლიტიკამ, გეოპოლიტიკაზე მიმდინარე გარდაქმნამ, რეგიონულმა დაქსელვამ, შეცვალა ცივილიზებული სამყაროსა და მათ შორის ჩვენი ცხოვრების წესი. მსოფლიო მულტივექტორულად და სამომხმარებლო ბაზრად ყალიბდება.

მოგეხსენებათ, ნებისმიერ მოვლენას მათ შორის განსაცდელსაც როგორც მედალს ორი მხარე აქვს. კრიზისი, ერის, ქვეყნის ცხოვრებაში აჩენს განწმენდის წინსვლის შესაძლებლობას, კათარზისს, რაც თავისთავად საზოგადოების მარადიული განახლების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ის ვინც კრიზისს დაძლევს, იმარჯვებს საკუთარ თავზე, საკუთარი თავის დამარცხების გარეშე.

სამყაროში მიმდინარე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პრობლემები, ძირითადად მაინც მსოფლმხედველობითი ხასიათისაა. მისი ანალიზი გვკარნახობს, რომ აუცილებელია ფილოსოფიური ხასიათის ცვლილება, ღრმა სტრატეგიული აზროვნება, გამყარებული საღი ინტელექტუალური არგუმენტებით, რაც ადამინებს დაუბრუნებს რწმენას ფუნდამენტური ღირებულებებისადმი, უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ: თავისუფლებას, სამართლიანობას, სიყვარულს. ეს ერთგვარი ინტელექტუალური რწმენაა, რომელიც, თავის მხრივ, აჩენს ყველაზე მაღალი ხარისხის ინტელექტუალურ ნდობას ამ ღირებულებების მატარებელ ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის. დღევანდელ შეხვედრას მხოლოდ მსგავს კონტექსტში განვიხილავ.

მართალია, ყველასადმი ხელმისაწვდომად გახდომა არ არის ჭეშმარიტების ხვედრი, მას მხოლოდ მცირედნი, მაგრამ რჩეულნი ეზიარებიან, თქვენ კი ის ადამიანები ბრძანდებით, რომელსაც ძალუძს არა მხოლოდ გაიაზროს ჭეშმარიტება არამედ დაიცვას იგი.

დამეთანხმებით, ყველა ერისა თუ ქვეყნის ცხოვრებაში დგება ჟამი როცა, არა რეფორმის (ფორმის შეცვლის), არამედ სწორი სტრატეგიული ამოცანისა და მისი სარეალიზაციო რესურსის მოძიებიდან გამომდინარე, ახალი ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო იდეებით ნასაზრდოები და გლობალური პროექტის შეთავაზება (და არა რეფორმის, ფორმის შეცვლა) ეროვნული რწმენის დაბრუნებას ნიშნავს. ვფიქრობ, საქართველოს მსგავსი ისტორიული ჟამი დაუდგა და შეცდომა იქნებოდა ამ ბედისწერის ძალით ნაკარნახევი შანსის ხელიდან გაშვება.

თანამედროვე სამყარო არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლად, თვითიზოლაციით, თუნდაც რომელიმე სამყაროსა თუ ცივილიზაციისაკენ ორიენტაციით ეფექტიანად აკონტროლოს ყველა შიდა და გარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დროის მოთხოვნად იქცა საერთაშორისო ფუნქციის შეძენის აუცილებლობა. საქართველოსათვის მისი მიღწევის ერთადერთ რეალურ საშუალებად გვესახება, სხვა ერებთან მშვიდობიანი თანაარსებობის, გლობალურ პოლიტიკაში ძირითადი რეგულატორის – დამატებითი ინტერესისა და მსოფლიოს მომწესრიგებელ ძალთა წონასწორობის დაცვით გააჩინოს ქართული სახელმწიფოს არა მხოლოდ მიმზიდველობა, არამედ საჭიროება, აუცილებლობა და ამ გზით, შეძლოს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში რეგიონული სივრცით ინტეგრირება.

ქართული სახელმწიფოს, რომლის ძალა მრავალფეროვნებაში, ხოლო ეფექტურობა სამოქმედო სივრცის – არეალის გაფართოებაში მდგომარეობს, უმთავრესი: გეოპოლიტიკური, გეო ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, ინტელექტუალური და ა.შ. რესურსი დევს სწორედ ინტეგრაციული პროცესების სიბრტყეზე.

საქართველო არ არის და ვერ იქნება ჩაკეტილი სივრცე, სისტემა. იგი შავი ზღვის აუზის დასავლეთისა და აღმოსავლეთის, საკუთრივ კავკასიის სინთეზია. რელიგიურად, ისტორიულად და გეოგრაფიულად, იმ მრავალმხრივ ინტერესთა გადაკვეთის ეპიცენტრშია, რომელსაც არა მხოლოდ ქართული, არამედ სამხრეთკავკასიური და კავკასიური სივრცე ქვია. განგებამ მას ევრაზიის კარიბჭის ადგილი მიუჩინა. იმ ევრაზიის კონტინენტის, რომელიც მსოფლიოს გეოპოლიტიკური ღერძია. სწორედ ევრაზიის დამაკავშირებელი ხიდის, მისი გასაღების ფუნქციამ ძირეულად განსაზღვრა საქართველოს ისტორიული ბედიც.

მართალია, კავკასია ერთიანი რეგიონია, რომელიც ორი გეოპოლიტიკური ნაწილის – სივრცისგან შედგება, მაგრამ ერთიან რეგიონულ სივრცეში ვგულისხმობ მხოლოდ „სამხრეთ კავკასიას“ (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) სუვერენულ სახელმწიფოთა იმ ერთიან რეგიონულ სივრცეს, რომლის მაორგანიზებელი ცენტრის პრიორიტეტული მნიშვნელობა, ოდითგანვე საქართველოს ენიჭება.

რეგიონისადმი ღია თუ ფარული ინტერესები, გამორიცხავს, საერთო რეგიონული სივრცისადმი ყოველგვარი ცალმხრივი სტრატეგიის არსებობას, რაც მათი მონაწილეების: მსოფლიოს დომინანტი და რეგიონული ლიდერი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ცენტრების, ტრანსნაციონალური კორპორაციების და ა.შ. გადაწყვეტილების ერთობლივად მიღების აუცილებლობას განაპირობებს.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ფორმირება და მისი ახალ სამშვიდობო სივრცედ გარდაქმნის დედააზრი (ერთი ქოლგის ქვეშ) დამატებითი სარგებლის წარმოქმნის მიზნით გლობალური, რეგიონალური და ნაციონალური ინტერესების ბედნიერ მორიგებაშია ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად.

ჩვენი კონცეფციის – საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა – მნიშვნელობა სცილდება ქვეყნის საზღვრებს: საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე, ისრაელის, ევროპის რამდენიმე ქვეყნისა და თურქეთის აკადემიურ წრეებში (უნივერსიტეტები, საისტორიო საზოგადოებები, სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრები) გაიმართა პრეზენტაციები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. მეტიც, მიმდინარეობს ამ ქართული და იმავდროულად, გლობალური პროექტის რეალიზაციაში მათი ჩართვის აქტიური პროცესი. ნაშრომი ითარგმნა ბულგარულ ენაზე და გამოიცა ქალაქ სოფიაში. უახლოეს მომავალში გამოიცემა იტალიურ, თურქულ, პოლონურ და ებრაულ ენებზე. კონფლიქტოლოგის უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ დარგობრივ მახასიათებლებში დანერგა ახალი ტერმინი „საუნივერსიტეტო დიპლომატია“. ამასთან, მან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუჩინა შესაძლებლობა აღედგინა ჯანსაღი ურთიერთობა თავის ისტორიულ ფესვებთან სოხუმში – აფხაზეთის უნივერსიტეტთან; ამერიკის შეერთებულ შტატებში (ფლორიდის შტატი, ორლანდო) გაეხსნა უნივერსიტეტის წარმომადგენლობა; საუნივერსიტეტო სივრცეში დაეფუძნებინა „სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრი“, რომელიც ქართველი, აფხაზი და ოსი მეცნიერ-მკვლევარების, ახალგაზრდებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ყალიბდება სისტემურად გამართულ, ინსტიტუციურად ძლიერ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციად; შეექმნა ქართულ, ინგლისურ, რუსული სამაგისტრო პროგრამა, რომელმაც წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცესი და ინერგება საქართველოსა და მსოფლიოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. ჩაეტარებინა და მონაწილეობა მიეღო არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში“, – აღნიშნა ბატონმა ზურაბმა.

 

მოხსენების ბოლოს რექტორმა დასმულ კითხვებს უპასუხა და მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ძალიან მალე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდება.

ფოტო გალერეა