ფაკულტეტის შესახებ

        სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმოადგენს საქართველოში უმაღლესი ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში განათლების ერთ-ერთ უმთავრეს კერას. ფაკულტეტს  დიდი ხნის ისტორია აქვს. ფილოლოგიური ფაკულტეტი ასეთი სახელწოდებით დაარსდა 1954 წელს მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ჯერ კიდევ 1937 წლიდან არსებობდა ისტორია-ლიტერატურის ფაკულტეტი, რომელიც გაიყო ორ ფაკულტეტად: ლიტერატურულ და ისტორიულ ფაკულტეტებად; ზუსტად იმავე წელს პირველად ინსტიტუტში გაიხსნა ქართული სექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა. კიდევ უფრო ადრე, 1933 წელს, შეიქმნა რუსული ენის კათედრა (ინსტიტუტის დაარსებიდან ერთი წლის თავზე); 1937 წლიდან დაარსდა რუსული და საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრა. ინგლისური ენის კათედრის ათვლის წერტილად ითვლება 1938 წელი, ხოლო გერმანული ენის კათედრა შედარებით ახალგაზრდაა, ის დაარსდა 1981 წელს. ისტორიის კათედრა არსებობს 1938/1939 სასწავლო წლიდან, მის ბაზაზე შეიქმნა სსრკ ისტორიისა და მსოფლიო ისტორიის კათედრები.



    2006 წლიდან ფაკულტეტი აერთიანებდა ორ მსხვილ მიმართულებას: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, ხოლო 2009 წელს ფაკულტეტს გამოეყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ნაწილი და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახით.

 

        სხვადასხვა დროს ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ ევგენია არსენიევა, პაველ არძინბა, შოთა არისთავა, რევაზ სალია. ხოლო ომის შემდგომ, უკვე თბილისში 1994 წლიდან დეკანებად მუშაობდნენ რევაზ სალია, ლეონიდე ჯახაია, მერაბ ნაჭყებია, ჯამბულ ანჩაბაძე, დავით ჩიტაია, ვახტანგ ჭანია, შოთა კვირტია, ლედა ქობალია . 2015 წლიდან ფაკულტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი მერაბ ნაჭყებია.

 

        ფაკულტეტზე სწავლება სამ საფეხურზე მიმდინარეობს. მოქმედებს 9 საბაკალავრო პროგრამა: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, სლავური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, თურქოლოგია.

5 სამაგისტრო პროგრამა: ისტორია, არქეოლოგია, კულტურათაშორისო კომუნიკაციები, ევროპული ენები და ლიტერატურა (მოდულები: ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, სლავური ფილოლოგია), ქართული ფილოლოგია (მოდულები: ქართველური ენათმეცნიერება, ქართული ლიტერატურათმცოდნეობა).

4 სადოქტორო პროგრამა: საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ქართველური ენათმეცნიერება, თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია.

 

      ფაკულტეტს ემსახურება კონკურსის წესით არჩეული 55 სპეციალისტი. გარდა ამისა, მოწვეულია 27 დოქტორი და 19 მასწავლებელი.


     ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამების რეალიზებას უზრუნველყოფს 55  არჩეული აკადემიური პერსონალი, მათ შორის 8 პროფესორი, 39 ასოცირებული პროფესორი, 7 ასისტენტ-პროფესორი და 1 ასისტენტი.

 

    ფაკულტეტის დებულება