პირველად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – „ჟან მონეს მოდული“

ევროკომისიის „ერაზმუსის“ პროექტების ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  პირველად მოიპოვა „ჟან მონეს პროგრამა“ (Jean Monnet Activities – Erasmus+ Programme (ERASMUS) ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH – CSREU).

 ჟან მონეს მოდულის (Jean Monnet Module) 3-წლიანი პროექტის (2022-2025 წწ.) „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (Corporate Social Responsibility in the European Union: Experience for Georgia) მენეჯერი და აკადემიური ლიდერია სსუ ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე.

 აღნიშნული მოდული ითვალისწინებს სასწავლო კურსს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, საზაფხულო სკოლას „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში“ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ის, ასევე, მოიცავს კვლევებსა და მთელ რიგ ღონისძიებებს ამ მიმართულებით.

 ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის გაფართოებას სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას და კანონმდებლობას, აგრეთვე ევროკავშირის მსოფლიოს სხვა რეგიონებთან ურთიერთობებს. პროგრამის ძირითადი ამოცანაა ევროპული განზომილების ჩართულობა უმაღლესი განათლების სისტემაში; იგი გაიხსნა 1989 წელს და თავისი სახელწოდება მიიღო ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის, ევროკავშირის ერთ-ერთი „არქიტექტორის“ პატივსაცემად.

 ამჟამად, პროგრამის საქმიანობა ვრცელდება 78 ქვეყანაში, ხოლო საგანმანათლებლო ქსელი მოიცავს 800 უნივერსიტეტზე მეტს. 2013 წლიდან ჟან მონეს პროგრამა ინტეგრირებულია Erasmus+ პროგრამაში.