წერილი მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ღვთაებრივო ყოვლადუწმიდესობავ, კონსტანტინეპოლის-ახლისა რომისა მთავარეპისკოპოსო და მსოფლიო პატრიარქო!

 

ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი უღრმესი მადლიერება და მოკრძალება თქვენს მიმართ.

საოცრად გახარებული დავბრუნდით საქართველოში იმ დიდებული შეხვედრების შემდეგ, რისი საშუალებაც თქვენი ლოცვა-კურთხევით მოგვეცა კონსტანტინეპოლში. თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, თქვენგან, როგორც ჭეშმარიტად კეთილი მწყემსისაგან, წამოსული ყოველი სიტყვა იყო იმედი, სიხარული, უბრალოების ნათელი მაგალითი. განსაკუთრებით მადლიერნი ვართ ჩვენი ქვეყნის და მისი ოკუპირებული ნაწილის – აფხაზეთის – საკითხების სიღრმისეული ცოდნისა და პრობლემების გადაწყვეტის თქვენეული ხედვების გაზიარებისათვის. მადლიერი ვარ, რომ მომეცით შესაძლებლობა, თქვენს წინაშე წარმედგინა ახალი სამშვიდობო პოლიტიკის, კერძოდ კი – საუნივერსიტეტო დიპლომატიის – უნიკალური პოტენციალის გასააზრებლად და გასააქტიურებლად შექმნილი ჩემი წიგნი „მშვიდობის ქართული პარადგიმა“.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ, თქვენი ლოცვა-კურთხევით, ხალკის საღვთისმეტყველო სასწავლებლის მონახულება და შეხვედრა მეუფე კასიანესთან. ჩვენ საინტერესო და საჭირო სამომავლო პროექტებზე ვისაუბრეთ და, ღვთის შეწევნით და თქვენი ლოცვებით, მათი განხორციელების იმედი გვაქვს, რაც ხალკის საღვთისმეტყველო სასწავლებლისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაახლოება-კოოპერაციას შეუწყობს ხელს.

უღრმეს მადლობას ვწირავთ ბურსელ მიტროპოლიტ იოაკიმეს, რომელმაც განსაკუთრებული სითბო გამოხატა საქართველოს, თურქეთში ქართული დიასპორისა და სტამბოლის ქართული სამრევლოსადმი, რომელსაც, თქვენი უწმიდესი ლოცვა-კურთხევით წინამძღვრობს, ჩვენი თანამემამულე – არქიმანდრიტი ილია (ჯინჯოლავა). არ დაგიმალავთ, რომ გვახარებს ასეთი ღირსეული წინამძღვრის ყოლა ქართული სამრევლოსათვის, რისთვისაც კიდევ ერთხელ გწირავთ მადლობას.

შეთანხმებისამებრ, სიხარულით აღვსილნი ვიწყებთ მზადებას უმნიშვნელოვანესი დღისთვის, როდესაც გვექნება პატივი გადმოგცეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი. თქვენი კურთხევით, უახლოეს პერიოდში გაცნობებთ ღონისძიების გეგმის შესახებ. ასევე ვიწყებთ სარედაქციო ჯგუფის მომზადებას თქვენდამი მიძღვნილი საიუბილეო წიგნის ქართული თარგმანის მოსამზადებლად.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას, მორჩილად გთხოვთ, ილოცოთ ჩვენთვის და საქართველოს ერთიანობისათვის. გარწმუნებთ, რომ მე და ჩემი მეუღლე, ასევე დელეგაციის წევრები, ვერასდროს დავივიწყებთ თქვენს ყოვლადუწმიდესობასთან შეხვედრას. ეს ემოციები და სიხარული მთელი ცხოვრება გაგვყვება და გაგვაძლიერებს.

შევთხოვთ ჩვენს მრავალმოწყალე უფალ იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა დედას ღვთისას თქვენს ჯანმრთელობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს!

 

პატივისცემით,

ზურაბ ხონელიძე,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი,

განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

 

თბილისი,

05.08.2022