რექტორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია ქ. ფოთში

2022 წლის 27 სექტემბერს – ჯვართამაღლების საუფლო დღესასწაულზე, სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღესა და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ქ. ფოთის პირველი ქალაქისთავის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 179 წლისთავს – ქ. ფოთმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა.

 

სტუმრობის მიზეზი მნიშვნელოვანი იყო: ფოთისა და ხობის ეპარქიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „სამშვიდობო განათლების ცენტრის“, ქ. ფოთის მერიისა და ქ. ფოთის საკრებულოს ინიციატივითა და მიწვევით, ქალაქ ფოთში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ – პრეზენტაცია შედგა.

 

სწორედ 27 სექტემბერს, რომელიც საქართველოსათვის ამჟამად ეროვნულ ტრაგედიას, რწმენის სიმტკიცესა და ეროვნულ მოღვაწეობას აერთიანებს, რექტორმა აუდიტორიას გააცნო მონოგრაფიის ძირითადი სულისკვეთება, რაც გამოიხატება სამშვიდობო პროცესში საუნივერსიტეტო-აკადემიური რესურსის სრულყოფილად ჩართვასა და ამ მიმართულებით მასთან დიპლომატიის ჰარმონიზაციაში. ეს იდეა სრულიად ახალია, ნოვატორულია და აქამდე არასდროს გამოყენებულა. ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენელი სპეციალისტები და მეცნიერები საუნივერსიტეტო დიპლომატიას, როგორც მშვიდობის ქართულ პარადიგმას, მაღალ შეფასებას აძლევენ და მას მნიშვნელოვან წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

 

საინტერესოა, რომ ამ იდეის საფუძველზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია წარმატებით მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა, ხოლო რამდენიმე სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლებლებში კი მოკლე ხანში, ბატონი ზურაბის ნებართვით, ანალოგიური სალექციო კურსის დამკვიდრებას აპირებენ.

 

პრეზენტაციის მიწურულს გაიმართა დისკუსია. აუდიტორია მოწონებით შეხვდა წარმოდგენილ მონოგრაფიას და მის მთავარ იდეას. დამსწრეებმა ავტორისეული ავტოგრაფებით წიგნები საჩუქრად მიიღეს.