რექტორი ზურაბ ხონელიძე თურქეთის საისტორიო საზოგადოების XIX კონგრესში მონაწილეობს

2022 წლის 3-7 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში თურქეთის საისტორიო საზოგადოების XIX კონგრესი იმართება, რომელშიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მონაწილეობს.

 

3 ოქტომბერს პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, სადაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული უაღრესად საინტერესო გეგმები დაისახა.

 

რექტორი შეხვდა თურქეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარეს, პროფესორ ბიროლ ჩეთინს, თურქეთის 27-ე პრემიერ-მინისტრს და ამჟამად თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს პირველ აქსაკალს (თავმჯდომარეს), ბატონ ბინალი ილდირიმს, სტამბოლის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მაჰმუთ აქს, ანკარის ჰაჯი ბაირამ ველის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იუსუფ თექინს და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ყოფილ ელჩს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეგობარს, ქალბატონ ჯერენ იაზგანს.

 

თურქეთში დიდი ინტერესით ელიან რექტორ ზ. ხონელიძის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ თარგმნას, რომელსაც, საკუთრივ თურქული მხარე ახორციელებს. ამასთან ერთად, სტამბოლისა და ანკარის უნივერსიტეტები ელოდებიან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხოლო ნოემბრის მიწურულისათვის კი სტამბოლის უნივერსიტეტმა საჯარო ლექციის წასაკითხად ზ. ხონელიძე ოფიციალურად მიიწვია.

 

4 ოქტომბერს სსუ რექტორი მოხსენებას „მშვიდობის ქართული პარადიგმა – საუნივერსიტეტო დიპლომატიის პერსპექტივები“ კონგრესის მონაწილეებს წარუდგენს, რომლებიც მოუთმენლად ელიან ამ ნოვატორული იდეის შესახებ უშუალოდ მისი ავტორისგან ამომწურავი ცნობების მიღებას.

 

კონგრესის მუშაობაში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელოვანი ისტორიკოსი ღებულობს მონაწილეობას.