აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022 წლის 16 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ქალბატონი ეკა ხოფერია ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს უნივერსიტეტში.რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, მინისტრს გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე თუ ახალი პროექტები, ესაუბრა წლების განმავლობაში ჩვენი უმაღლესი სკოლის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის ამაღლების და კავშირების გაფართოების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე. ბატონმა ზურაბმა ქალბატონ ეკას გააცნო საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსი, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა, ქართულ-აფხაზური ხიდჩატეხილობის მშვიდობიანი მოგვარების ახალი ხედვა და გზა.მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა: – დიდი ხანია ვგეგმავ სოხუმის უნივერსიტეტში მოსვლას და და მინდა ვთქვა, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სოხუმის უნივერსიტეტი დღითიდღე მიიწევს წინ, როგორც უმაღლესი განათლების სფეროში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვაქვს პროექტები, რომლებსაც შევთავაზებთ სოხუმის უნივერსიტეტს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო სოხუმის უნივერსიტეტს, მისი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით. ბატონი ზურაბის „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეა და შემოთავაზებული გზა, მართლაც რომ ახალი ხედვაა დიპლომატიაში და მე როგორც ნახევრად აფხაზი, სრულად ვიზიარებ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იდეას, – განაცხადა ქალბატონმა ეკამ. რექტორმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ ეკას უნივერსიტეტში სტუმრობისთვის და აღნიშნა:– სოხუმის უნივერსიტეტს მუდამ აქვს მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობისგან და დღევანდელი თქვენი ვიზიტი ამის ერთგვარი დადასტურებაა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტები ძალზედ მნიშვნელოვანია სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და იმედი მაქვს, რომ მათი ჩართულობა ამ პროექტებში სამომავლოდ კეთილ ნაყოფს გამოიღებს. მისასალმებელია, რომ თქვენ დიდი ენერგია ჩადეთ განათლებისა და კულტურის სფეროში არსებული პრობლემების მოსაწესრიგებლად და მინდა წარმატება ვუსურვო მთელ თქვენს გუნდს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის აფხაზეთის დამაკავშირებელი ხიდი დანარჩენ საქართველოსთან და იმედი მაქვს, რომ ჩვენ აფხაზ ძმებთან მისასვლელ გზას ყველა ერთად გავივლით.სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა, რომლის დროსაც ახალგარზდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მინისტრისგან კომპეტენტური პასუხები მიიღეს.აფხზეთის ავტორნომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს პროგრამებზე ასევე დაწვრილებით ისაუბრა ბესო ოდიშარიამ. სტუმრებს მიესალმა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა სსუ-ს პროფესორმა ავთანდილ ხაზალიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ზურაბის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან საქმიანობას, რამაც გაზარდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობა და ხელი შეუწყო აქ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.