6 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვია მწერალი როსტომ ჩხეიძე

ამგვარი შეხვედრები უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა. სტუმარი აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინა ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ვახანიამ. როსტომ ჩხეიძის მორიგი წიგნი „ჟარგონი და მეტსახელები" ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ გამოსცა 2016 წელს, წიგნის რეადქტორია სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამილა ზვიადაძე, რეცენზენტები როინ ჭიკაძე და მარინა კაკაჩია. სტუმარს მიესალმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს წიგნი ლიტერატურისა და ენათმეცნიერების ზღვარზეა და ახალ მიმართულებას, მხატვრულ სტილს უდებს სათავეს. სტუდენტებს მიეცემათ საგანგებო დავალება, თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში შეაგროვონ ჟარგონები და მეტსახელები, რაც მომავალში საფუძვლად დაედება მათ საბაკალავრო ნაშრომებს. შესაძლოა საგანგებო ენათმეცნიერული ექსპედიციების მოწყობაც.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ თამილა ზვიადაძე, მარინა კაკაჩია, ქეთევან მარგიანი. ბოლოს აუდიტორიას თავად სტუმარმა მიმართა. მისი თქმით, ჟარგონს ხანმოკლე სიცოცხლე აქვს, იგი მალევე იქცევა ჟარგონის არქაიზმად, ამიტომაც დროზე უნდა ჩავიწეროთ, რომ არ დაიკარგოს. რაც შეეხება, მეტსახელს, ის ყველაზე ზუსტად გამოხატავს ადამიანის ხასიათს, ამას მიხეილ ჯავახიშვილმა მიაქცია საგანგებო ყურადღება და კარგადაც გამოიყენა. „ოთარ ჩხეიძის არქივში მოვიძიე მეტსახელთა ნიმუშები და მივხვდი, რომ მათი დაკარგვა არ ეგებოდა. აუცილებელია ლექსიკონად დალაგება. საშური საქმე იქნება, თუ ამ საქმეში სტუდენტებიც ჩაერთვებიან," აღნიშნა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ.