პოეტური კრებულის _ „მონოლოგი მამასთან“ წარდგინება

მიმდინარე წლის 19 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა ჰუმანიტარული ფაკულტეტის კურსდამთავრებულის მიხეილ ქოპილაშვილის პირველი პოეტური კრებულის _ „მონოლოგი მამასთან" წარდგინება. წიგნის რედაქტორია ცნობილი მწერალი როსტომ ჩხეიძე, ბოლოსიტყვაობის ავტორი ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ნანა კუცია. წარდგინებას უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ვახანია, სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: ნანა კუცია, ტიტე მოსია, დარიკო ფიფია, მარინა კაკაჩია, მარინა ჯაიანი; სტუდენტები: მაგდა ბუზიაშვილი, მარიამ ჯირაშვილი, ნანა სამუშია, მარიამ გურასპაშვილი და სხვები, ლექსები წაიკითხეს ავტორმა და სტუდენტებმაც. ახალგაზრდა პოეტმა, ასევე ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, გიორგი ბალახაშვილმა დებიუტის შესაბამისი პოეტური კარიერა უსურვა მიხეილ ქოპილაშვილს.

წარდგინება შეაჯამა წიგნის რედაქტორმა მწერალმა და გამომცემელმა როსტომ ჩხეიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ახალგაზრდა პოეტის კლასიკური მემკვიდრეობისადმი ერთგულებას, განცდათა სიწრფელეს, განათლებას, რომელიც სტრიქონებს შორის იკითხება. გაიხსენა გასულ სასწავლო წელს უნივერსიტეტში გამართული „წიგნის მარათონი", რომელშიც მიხეილ ქოპილაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და ამ წამოწყების უწყვეტ სტუდენტურ ტრადიციად ქცევა ისურვა.