საერთაშორისო პროექტების დისიმინაციის დღე სსუ-ში

2018 წლის 30 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ინიციატივით ევროკავშირის Tempus -ისა Erasmus + ის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტების DOIT DARE ASSET -ის დისიმინაციის დღე გაიმართა. ამ დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საგანგებოდ ეწვია ხაიფას გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის დირექტორი, დოქტორი რონდა სოფერი, რომელიც ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. 

კონფერენცია გახსნა და უნივერსიტეტის განვითარებაში საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა აღნიშნული პროექტების კოორდინატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლია ახალაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს გულთბილად მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიასა და მნიშვნელობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. –„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის საერთაშორისო პროექტების იდეების გავრცელებისა და დისიმინაციის გზაზე. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალი იდეების წარმოქმნას, უნივერსიტეტების ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და საუნივერსიტეტო დიპლომატიის გაფართოებას“ - აღნიშნა ბატონმა ზურაბმა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრიფირების სამმართველოს უფროსი, ნანა კილასონია; სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე და სსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი მარიამ მირესაშვილი.

დოქტორმა რონდა სოფერმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის TEMPUS-ისა და ERASMUS+ პროგრამების ძირითად პრინციპებს. – „ეს პროგრამები ეფუძნება თანამშრომლობის პრინციპს, ერთად მუშაობას და ცოდნის გაზიარებას. კონფერენციის მონაწილეებს ჰქონდათ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა, მიიღეს პროფესიული გამოცდილება, რამაც გავლენა იქონია მათ უნივერსიტეტებზე. შემუშავდა ახალი კურსები და სწავლების ინოვაციური გზები; შეიქმნა ახალი დეპარტამენტები; არსებული სასწავლო გეგმა და შეფასების მეთოდები მოდერნიზებულია იმგვარად, რომ მეტი წარმატებით შევაფასოთ ახალი სასწავლო კურსები, სწავლისა და სწავლების გზები; შევისყიდეთ კვლევისთვის, სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა. მას შემდეგ, რაც 2012 წელს შერჩეულ იქნა TEMPUS პროგრამის პროექტი DOIT, რომელიც მიზნად ისახავდა მრავალფეროვნების ხელშეწყობას, დავიწყეთ 5 ქართული, 5 ებრაული და 5 ევროპული უნივერსიტეტით. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების განვითარების 6 პროგრამა, რომლებიც აერთიანებს ისრაელის, საქართველოს, სხვა პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჩვენ გვყავს 30-ზე მეტი სხვადასხვა უნივერსიტეტი ისრაელიდან, საქართველოდან, სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან და ევროპიდან, რომლებიც ერთობლივად თანამშრომლობენ“ - აღნიშნა რონდა სოფერმა. 

საერთაშორისო პროექტებში უნივერსიტეტის ჩართულობაზე, არსებულ და წარდგენილ პროექტებზე დაწვრილებით ისაუბრა სსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა პროფესორმა რომეო გალდავამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროფ. რონდა სოფერს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. 

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ რონდა სოფერი (გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი, საქართველო), იუსტინა პიერჟინსკა (ჰელსინკის უნივერსიტეტი, ფინეთი), ნანა კილასონია (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო), თამარ შინჯიაშვილი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 

საერთაშორისო პროექტების DOIT -ის, DARE-ს, ASSET-ის თემების დისიმინაციას ეძღვნებოდა პროფესორების სოფიო ლობჟანიძისა და ეკა ტყავაშვილის, დავით მალაზონიასა და ნინო ჭიაბრიშვილის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), როზეტა გუჯეჯიანის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის), ირმა ქურდაძის (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თამარ ყალიჩავას (ოთარ ჩხეიძის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი), თამარ ფხალაძის, იანა ტორჩინავას (წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი), ზოია ადამიას (ექვთიმე თაყაიშვილის უნივერსიტეტი) ლალი ახალაძის (საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოხსენებები. კონფერენციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი სსუ-ს აკადემიური პერსონალი: გულნაზ ხუხუა, იზოლდა ბუხულეიშვილი, თამარ ჯავახიშვილი, ელზა გარაყანიძე, ომარ არდაშელია, კახა კვაშილავა, ლევან ჯინჯიხაძე, ნინო წულაია, ინგა მორგოშია, ლელა რეხვიაშვილი და სხვები. 
დისიმინაციის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების ჩართულობა: ნანა ჯალაღონია (აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლა), მაია ფირჩხაძე (იტალიური სკოლა „ცისკარი“), თამარა ახობაძე (თბილისის 79-ე საჯარო სკოლა), ნინო გვარაძე (კერძო სკოლა „აისი“), ედნა ბაზერაშვილი (თბილისის 157-ე საჯარო სკოლა); 
დასასრულ, სექციების სამუშაო შედეგებზე ისაუბრეს მოდერატორებმა: ეკა ტყავაშვილმა და მაია ფირჩხაძემ, კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს რონდა სოფერმა და ლია ახალაძემ. 
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი, თემურ ხევსურიანი და ომარ არდაშელია.


კონფერენციის პროგრამა