2025 წლის 14
მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების
დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიხსნა ინტერდისციპლინარული
საუნივერსიტეტო აკადემიური კონფერენცია. კონფერენცია გახსნა სსუ სამეცნიერო
კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფ. ლია ახალაძემ, რომელმაც
ისაუბრა უნივერსიტეტის ტრადიციულ მიდგომაზე - მაისის თვეში ყოველწლიურად იხსნება
საუნივერსიტეტო ინტერდისციპლინარული კონფერენციების დღეები, რომელიც დარგობრივ
სექციებზე, მიმართულებების მიხედვით აგრძელებს მუშაობას ფაკულტეტებზე. ამ დღეს წინა წლის ანგარიშის
თვითშეფასებითა და მიმდინარე წლის გეგმებით ხვდებიან დეკანები, რაც
ერთგვარ მოტივაციას იძლევა თვითშეფასება მივცეთ და წინასწარ დავგეგმოთ ჩვენი
სამეცნიერო მუშაობა.
საუნივერსიტეტო ინტერდისციპლინარული კონფერენციის
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა
ზურაბ ხონელიძემ. მან ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის საქმიანობაში სამეცნიერო მუშაობის
გაფართოებისა და ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით
„სამშვიდობო განათლების“ ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
კონფერენციის წევრებს მიესალმა და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სამეცნიერო
ღონისძიებების ფინანსურ უზრუნველყოფაზე ისაუბრა წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერმა ასოც. პროფესორმა ნინო თოფურიძემ;
უნივერსიტეტის მიერ 2024 წელს წარმატებით გავლილი ავტორიზაციის სამეცნიერო
სეგმენტის საერთაშორისო შეფასების, საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში
ჩართულობისა და სადოქტორო პროგრამებში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა
ასოც. პროფესორმა რომეო გალდავამ.
სამუშაო სექციაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა,
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის,
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლისა და დიპლომატიის, განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის
სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი ანგარიშები წარადგინეს ფაკულტეტის დეკანებმა და
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ასოც. პროფ. მარინა ტურავამ, ასოც პროფ. ნესტან
კეკელიამ, ასოც. პროფ. ირმა დიხამინჯიამ, პროფ. ვეფხვია გვარამიამ, ასოც. პროფ.
თამარ შინჯიაშვილმა, პროფ. ლია ახალაძემ და
ასოც. პროფ. ეკა ესებუამ.
ინტერდისციპლინარული საუნივერსიტეტო აკადემიური
კონფერენციის დღეები უნივერსიტეტში 14 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება,
აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სექციურ საუნივერსიტეტო კონფერენციებთან
ერთად დაგეგმილია რამდენიმე ეროვნული სამეცნიერო ფორუმი.