2025 წლის 19 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა წარმატებულ მეწარმესა და „აქტო ჯგუფის“ გენერალური დირექტორთან, ISO-ს ასოცირებულ აუდიტორ, გიორგი ეზუგბაიასთან (https://acto.ge), და კომპანია TEGETA HOLDING-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერ, CSR-ის ექსპერტთან, მარიამ ჯაფარიძესთან (www.tegeta.ge).
გიორგი
ეზუგბაია სტუდენტების წინაშე წარსდგა მოხსენებით "თანამედროვე ბიზნესი:
გამოწვევები და სოციალური პასუხისმგებლობა". მან ხაზი გაუსვა
თანამედროვე ბიზნესის, როგორც პროგრესის წარმმართველი ძალის, შესაძლებლობებს,
ვრცლად ისაუბრა ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, სოციალური
პასუხისმგებლობის (CSR) მნიშვნელობაზე და საკუთარი სამეწარმეო
საქმიანობის მდიდარი გამოცდილების საფუძველზე მოახდინა პრაქტიკული მაგალითების დემონსტრირება.
ექსპერტმა მარიამ ჯაფარიძემ ისაუბრა TEGETA HOLDING-ის - საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ჰოლდინგის შესახებ. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა ჰოლდინგის მიერ განხორციელებულ პროექტებზე კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით და სამომავლო გეგმებზე. TEGETA HOLDING-ის საქმიანობამ და CSR-ის სფეროში გამოცდილებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში - მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. დასასრულს, პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ და სტუდენტებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებს საინტერესო მოხსენებებისა და CSR-ის სფეროში მდიდარი გამოცდილების გაზიარებისთვის.
შეხვედრა ჩატარდა ERASMUS+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (CSREU) ფარგლებში.