სსუ-ს სტუდენტების საველე პრაქტიკა წყალტუბოში: კვლევა, ჩართულობა, გამოცდილება

2025 წლის გაზაფხულის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტები, პრაქტიკული სტაჟირების ფარგლებში, ჩაერთვნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის დაგეგმვაში, რაც მოიცავდა კვლევის დიზაინის შექმნას, ფოკუს ჯგუფის სადისკუსიო გეგმის შემუშავებასა და რაოდენობრივი კვლევის კითხვარის შედგენას.

სამუშაოების შესრულებისთვის სტუდენტებმა თავად გამოითხოვეს შესაბამისი მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროდან, ასევე, ა(ა)იპ „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ შუამდგომლობით, პროექტი შეათანხმეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასთან.

პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში. აღნიშნული მიზნის შესასრულებლად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:

· კვლევაში მონაწილე სტუდენტების ორდღიანი საველე ვიზიტი და უშუალო ჩართულობა პრაქტიკულ სამუშაოებში: ველის მონიტორინგი, ინტერვიუირება, რუკის შედგენა და გარემოს ფაქტორების ანალიზი;

· შეხვედრა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან (მათ შორისსტეიკჰოლდერებთან და ადგილობრივ ლიდერებთან).

აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, 2025 წლის 17–18 ივლისს, გაიმართა გასვლითი საველე სამუშაო და ვიზიტი კვლევის ადგილზე, რომელიც სრულად დაფინანსდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტები: ლია სოლაშვილი, მარიამ ნალიყაშვილი, მარიამ სალუქვაძე, ნინო ცირდავა, ნინო სოსელია და ირინა საგინაძე; ფსიქოლოგიის სპეციალობიდანლიკა ცარციძე და მარიამ ცაბაძე. მენტორი გახლდათ ა(ა)იპ ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების დამფუძნებელი, პრაქტიკის ობიექტის ხელმძღვანელი სოსო მეზვრიშვილი.

ვიზიტის პირველივე დღეს სტუდენტებმა, ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდის გამოყენებით, შეისწავლეს ადგილობრივი სოციალური და კულტურული გარემო, დააკვირდნენ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების სოციო-კულტურულ ქცევებსა და ცხოვრების სტილს, ჩაატარეს ფოკუს ჯგუფი, გაეცნენ ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს.

ველზე მუშაობის მეორე დღეს სტუდენტები შეხვდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს, მერის მოადგილესა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს, სადაც წარადგინეს მიმდინარე კვლევითი პროექტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი — მისი საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, პრაქტიკის სტუდენტებმა განაახლეს მათ მიერ შემუშავებული რაოდენობრივი კვლევის კითხვარი, ჩაატარეს მისი პილოტირება (ტესტირება) და შეიტანეს საბოლოო ცვლილებები კვლევის დაწყების წინ.

სამუშაო დღის ბოლოს სტუდენტებმა გამართეს დისკუსია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან, სადაც განიხილეს მათი ყოველდღიური გამოწვევები, საჭიროებები, გამოყვეს პრობლემატური თემები და გააანალიზეს მათი გადაჭრის გზებ. მიღებული შედეგები საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ აისახება კვლევის ანგარიშსა და ახალგაზრდულ პოლიტიკის დოკუმენტში.

აღნიშნული ღონისძიება სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია იყო პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარების ამაღლებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც გამოხატეს სურვილი, გაგრძელდეს მსგავსი პროექტების დაფინანსება და განხორციელება.

სტუდენტები გულწრფელ მადლობას უხდიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, განსაკუთრებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ჯალაღონიას, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ირმა დიხამინჯიას, მათი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რაც შეუფასებელი იყო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

პროფესორი ხათუნა ამაღლობელი