აფხაზური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აფხაზური ენის სწავლება-კვლევის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია“ გაიმართა

დღეს, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აფხაზური ენის სწავლება-კვლევის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია“ გაიმართა.

ღონისძიება სიმბოლურად გაიხსნა უნივერსიტეტის ანსამბლის - „მორდუს“ მიერ შესრულებული „აფხაზური ვარადოთი“, რომელიც ხაზს უსვამდა ერთიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას.

კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა გახსნა. ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლია ახალაძე.

მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები აფხაზური ენის სწავლებაზე, კვლევის ისტორიასა და თანამედროვეობაზე, მათ შორის თემებზე:

§  „აფხაზური ენის სწავლება და კვლევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ - თეიმურაზ გვანცელაძე, პროფესორი, აფხაზური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

§  „თბილისამდე ვერმოღწეული ომის ამბები“ (ნანა აკობიძის ტრილოგია „სამი ომი“) -მარინა ტურავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;

§  „როგორ იწყებოდა აფხაზური ენის სწავლება…“ - მერაბ ნაჭყებია, პროფესორი, ქართული ენის მიმართულების ხელმძღვანელი;

§  „აფხაზეთის პარადიგმა ქართველი ქალი-ავტორების რეფლექსიით“ - მარიამ მირესაშვილი, პროფესორი, ქართული ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელი;

§  „დიმიტრი გულიას წერილები აკაკი შანიძისადმი“ - სოფიკო ჭაავა, ფილოლოგიის დოქტორი, მოწვეული ლექტორი;

§  „რა მიზნით ინერგებოდა ინტერნაციონალიზმები და სოვეტიზმები აფხაზურ და ქართულ ენებში XX საუკუნის 20-30-იან წლებში“ - გვანცა გვანცელაძე, ასოცირებული პროფესორი ქართული ენის მიმართულებაზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს აფხაზური ენის, როგორც ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კვლევასა და პოპულარიზაციას.